აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 45 წუთის განმავლობაში ტელეფონით ისაუბრეს. თეთრი სახლის თქმით, ბაიდენმა ისრაელის პრემიერს მოუწოდა, რაფაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის სანდო გეგმის არსებობის გარეშე, სამხედრო ოპერაცია არ დაიწყოს.
ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ სატელეფონო საუბრის მთავარი თემა, ჰამასის ტყვეობაში დარჩენილი 132 მძევლის გათავისუფლებაზე გამართული მოლაპარაკებები იყო. მისი თქმით, შეთანხმება თითქმის უკვე მიღწეულია, თუმცა "მნიშვნელოვანი" განსხვავებები მაინც რჩება.
ამასთანავე, ნეთანიაჰუსთან საუბრისას ბაიდენმა თქვა, რომ რაფაში სამხედრო ოპერაცია ვერ დაიწყება, თუკი მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის სანდო და შესრულებადი გეგმა არ იარსებებს. ამას გარდა, ბაიდენმა ღაზაში მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გაზრდის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი. რამდენიმე დღის წინ ჯო ბაიდენმა ღაზაში ისრაელის მოქმედებებს "გადამეტებული" უწოდა.
ისრაელის მედიის ცნობით, პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მიიჩნევს, რომ, საერთაშორისო ზეწოლის ფონზე, ღაზის სექტორის ქალაქ რაფაში, სადაც ახლო მომავალში სახმელეთო ოპერაციას დაიწყებენ, საბრძოლო მოქმედებები 1 თვეში, მუსლიმთა წმინდა თვე რამადანამდე უნდა დაასრულონ.