აშშ-ის პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი იმედოვნებს, რომ უკრაინაში ომი წლების განმავლობაში არ გრძელდება, რადგან რესურსები შეზღუდულია და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიხვდება, რომ ეს არ შედის რუსეთის ინტერესებში. ეს განცხადება ჯო ბაიდენმა ჰელსინკიში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"არ მგონია, რომ ომი შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს, ორი მიზეზის გამო. ნომერი პირველი: არ მგონია, რომ რუსეთს შეუძლია სამუდამოდ მხარი დაუჭიროს ომს, პირველ რიგში, რესურსებისა და პოტენციალის გათვალისწინებით. მეორე. მე ვფიქრობ, რომ იქნება გარემოებები, როდესაც საბოლოოდ პრეზიდენტი პუტინი გადაწყვეტს, რომ რუსეთის ინტერესებში არ შედის - ეკონომიკურად, პოლიტიკურად და სხვაგვარად - ამ ომის გაგრძელება." - აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა.
მან აღიარა, რომ ვერ იწინასწარმეტყველებს, როგორ დასრულდება ომი.
"იმედია, დაინახავთ, რომ უკრაინა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწევს შეტევაში," - თქვა ბაიდენმა და დასძინა, რომ დროთა განმავლობაში ეს შექმნის მოლაპარაკებების გზით კონფლიქტის მოგვარების შესაძლებლობას.
ამერიკის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ პუტინმა ომი უკვე წააგო.
"არ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ მან უკრაინაში ომი მოიგოს. მან უკვე წააგო ეს ომი," - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.