ვილნიუსში, NATO-ს ორდღიანი სამიტის დახურვისას, ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. მისი გამოსვლა Twitter-ზე ბაიდენის პრესსამსახურმა გაავრცელა.
"ჩვენ უკან არ დავიხევთ. მე ამას ვგულისხმობ. ჩვენი ერთგულება უკრაინის მიმართ არ შესუსტდება. ჩვენ თავისუფლების მხარეს ვიდგებით დღეს, ხვალ და რამდენ ხანსაც საჭირო იქნება," - თქვა მან.
ბაიდენმა აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა შექმნა 50-ზე მეტი ქვეყნისგან შემდგარი კოალიცია, რათა უკრაინამ თავის დაცვა შეძლოს ახლა და მომავალში.
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მიუხედავად თითქმის 1.5 წლიანი ომისა, უკრაინა რჩება თავისუფალ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. მან ასევე დასძინა, რომ ყველას სურს, რომ ომი სამართლიანი პირობებით დასრულდეს - უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებით.
მისი თქმით, NATO ისევ ერთიანია უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში, ხოლო აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ფსონს დებს, რომ კონფლიქტი ალიანსს გაყოფს.
ბაიდენმა აღნიშნა: "პუტინს ეგონა, რომ ჩვენი ერთიანობა პირველივე გამოცდაზე დაიმსხვრეოდა. მას ეგონა, რომ დემოკრატი ლიდერები სუსტები იქნებოდნენ. მაგრამ ის ცდებოდა."