აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ ყარაბაღში "ანტიტერორისტული ღონისძიებების" შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაა მიღწეული.
"ყარაბაღელი სომხების მომართვის გათვალისწინებით, რომელიც რუსული სამშვიდობო კონტინგენტის შუამავლობით გადმოგვეცა, მიღწეულია შეთანხმება, 20 სექტემბრის 13:00 სთ-დან ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები შეწყდეს" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ამასთან, ბაქო ოპერაციის შეწყვეტის შემდეგ პირობებს ასახელებს:
"აზერბაიჯანის რესპუბლიკის ყარაბაღის რაიონში სომხეთის შეიარაღებული ძალებისა და უკანონო სომხურმა ფორმირებებმა იარაღი უნდა დაყარონ, საბრძოლო პოზიციები დატოვონ და სრულად განიარაღდნენ;
სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის ტერიტორია დატოვონ;
უკანონო სომხური შეიარაღებული ფორმირებები დაიშალონ;
პარალელურად მთელი შეიარაღება და მძიმე ტექნიკა ჩააბარონ".
"ხსენებული პირობების რეალიზება უნდა განხორციელდეს რუსულ სამშვიდობო კონტინგენტთან კოორდინაციით" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გუშინ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ, ყარაბაღში, "ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებების დაწყების" შესახებ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, "წინა ხაზზე და სიღრმეში, მაღალი სიზუსტის იარაღის გამოყენებით, ანტიტერორისტული ღონისძიებების ფარგლებში, მწყობრიდან გამოჰყავთ სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების პოზიციები, მათი ხანგრძლივი საცეცხლე წერტილები, საბრძოლო საშუალებები და სამხედრო დანიშნულების ობიექტები".
ბაქოს მტკიცებით, "სამოქალაქო მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები სამიზნეს არ წარმოადგენს - ნადგურდება მხოლოდ ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები".
აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, "ოპერაციის შესახებ წინასწარ ეცნობა კონფლიქტის ზონაში მყოფი რუსული სამშვიდობო კონტინგენტის ხელმძღვანელობასა და თურქულ-რუსულ მონიტორინგის ცენტრს".
მანამდე, ბაქომ, ჭურვის აფეთქების შედეგად, აზერბაიჯანის შსს-ს 4 თანამშრომლის დაღუპვის შესახებ განაცხადა. მისივე მონაცემებით, ჭურვი "სომხეთის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა, აზერბაიჯანის კუთვნილ ყარაბაღის ეკონომიკურ რაიონში, ტერორისტული მიზნით ჩადო".