არაღიარებული მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე თავდასხმაში ადანაშაულებს, ბაქო ბრალდებებს უარყოფს.
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ცნობით, "აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს, რომლებიც სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებსაც უტევენ, სომეხი სამხედროები აქტიურ წინააღმდეგობას უწევენ".
თავის მხრივ, აზერბაიჯანი დეზინფორმაციას უწოდებს სომხური მხარის განცხადებებს.
გუშინ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ, ყარაბაღში, "ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებების დაწყების" შესახებ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, "წინა ხაზზე და სიღრმეში, მაღალი სიზუსტის იარაღის გამოყენებით, ანტიტერორისტული ღონისძიებების ფარგლებში, მწყობრიდან გამოჰყავთ სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების პოზიციები, მათი ხანგრძლივი საცეცხლე წერტილები, საბრძოლო საშუალებები და სამხედრო დანიშნულების ობიექტები".
ბაქოს მტკიცებით, "სამოქალაქო მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები სამიზნეს არ წარმოადგენს - ნადგურდება მხოლოდ ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები".
აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, "ოპერაციის შესახებ წინასწარ ეცნობა კონფლიქტის ზონაში მყოფი რუსული სამშვიდობო კონტინგენტის ხელმძღვანელობასა და თურქულ-რუსულ მონიტორინგის ცენტრს".
მანამდე, ბაქომ, ჭურვის აფეთქების შედეგად, აზერბაიჯანის შსს-ს 4 თანამშრომლის დაღუპვის შესახებ განაცხადა. მისივე მონაცემებით, ჭურვი "სომხეთის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა, აზერბაიჯანის კუთვნილ ყარაბაღის ეკონომიკურ რაიონში, ტერორისტული მიზნით ჩადო".