აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა, ორივე პარტიიდან, წარადგინეს რეზოლუცია, რომელიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდებს, უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის რაკეტები გადასცეს.
რეზოლუციის თანაავტორმა, რესპუბლიკელმა მაიკლ მაკკოლმა, კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, თუ შეერთებული შტატები უკრაინას არ მიაწვდის ყველა საჭირო იარაღს, ეს ომის გახანგრძლივებას შეუწყობს ხელს.
"უკრაინის კონტრშეტევის წარმატება პირდაპირ კავშირშია შეერთებული შტატებისა და ჩვენი მოკავშირეების სამხედრო დახმარებასთან. ამიტომ, უკიდურესად სამწუხაროა, რომ ადმინისტრაცია აყოვნებს მილიარდობით დოლარის სამხედრო დაფინანსებას, რომელიც შეიძლება დაუყოვნებლივ გადაეცეს უკრაინას და თავის მხრივ, დაეხმაროს მის შეიარაღებულ ძალებს მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანაში ბრძოლის ველზე." – ფიქრობს ის.
დოკუმენტში ნახსენებია დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მთავრობების გადაწყვეტილებები შორი მანძილის Storm Shadow-ს და SCALP-EG-ს რაკეტების გადაცემის შესახებ. მათი მოქმედების დიაპაზონი 250 კილომეტრია.
"აშშ და მისი მოკავშირე ქვეყნები ერთობლივად ფლობენ ათასობით ATACMS-ის რაკეტას, რომლებიც შეიძლება უკრაინას გადაეცეს." - ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.
კონგრესმენები მიიჩნევენ, რომ რუსეთის ამჟამინდელი დომინირება შორ დისტანციაზე მოქმედ იარაღში "უკრაინულ ძალებს საბრძოლველად არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს."
მიღების შემთხვევაში, წარმომადგენელთა პალატა შეერთებულ შტატებს მოუწოდებს "დაუყოვნებლივ გადასცეს უკრაინას საკმარისი ATACMS-ები, რათა დააჩქაროს უკრაინის გამარჯვება რუსეთის არაპროვოცირებულ აგრესიულ ომში აშშ-ის სამხედრო მზადყოფნის შენარჩუნებით."
"ამ კრიტიკული იარაღის სწრაფად მიწოდება უკრაინელ სამხედროებს მისცემს საჭირო შესაძლებლობებს მტრის ხაზების მიღმა დარტყმისთვის, რაც მას ჯერ არ გააჩნია," - ნათქვამია რეზოლუციაში.
ATACMS არის ტაქტიკური რაკეტა, რომლის მოქმედების მანძილიც დაახლოებით 300 კილომეტრია. მისი გაშვება HIMARS-ის სარაკეტო სისტემით არის შესაძლებელი.