ამერიკის შეერთებული შტატები სამშაბათს უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ, $1.2 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ Associated Press-ს ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს.
დახმარების ახალი პაკეტი უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ნაწილი იქნება, რომელიც უზრუნველყოფს შეიარაღების დაფინანსებას თვეების ან თუნდაც წლების განმავლობაში, უკრაინის უსაფრთხოების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, უკრაინის დახმარების პაკეტი მოიცავს Hawk-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, საზენიტო სისტემების საბრძოლო მასალას და დრონებს საჰაერო თავდაცვისთვის. კიევი ასევე მიიღებს არტილერიას, რაკეტებს, მუდმივ ტექნიკურ დაფინანსებას და სათადარიგო ნაწილებს სხვადასხვა სისტემებისთვის.
ამ პაკეტის ჩათვლით, აშშ-მა უკრაინას 38 სამხედრო დახმარების პაკეტი გადასცა, რომლის ჯამური ღირებულებაც თითქმის $37 მილიარდია.
უკრაინას აშშ-მა სამხედრო დახმარების ბოლო პაკეტი 3 მაისს გადასცა, რომლის ღირებულებაც 300 მილიონი დოლარი იყო.