დანიის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინას 1.7 მილიარდი დანიური კრონის (250 მილიონ დოლარზე მეტი) ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცეს. ამის შესახებ დანიის თავდაცვის მინისტრმა ტროელს ლუნდ პულსენმა საგარეო პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ განაცხადა.
"ეს დახმარების ახალი პაკეტი ნიშნავს, რომ ჩვენ ვეხმარებით უკრაინის საჰაერო თავდაცვას, რისი მოთხოვნა არსებობს", - განაცხადა პოლსენმა.
დანია უკრაინას ნაღმების გამწმენდ მანქანებს, საბრძოლო მასალას, საველე ხიდებსა და საჰაერო თავდაცვის საშუალებებს გადასცემს.
ეს არის ყველაზე დიდი დახმარების პაკეტი, რომელიც დანიამ უკრაინას ომის დაწყების შემდეგ გამოუყო.
"ეს ხელს შეუწყობს იმ შესაძლებლობების მხარდაჭერას, რაც უკრაინულ მხარეს აკლია წარმატებული შეტევისთვის, რომლითაც უკრაინელები რუსების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას გეგმავენ", - აღნიშნა პოლსენმა.
ჯამში, ომის დაწყებიდან დღემდე, დანიამ უკრაინას 11 მილიარდი დანიური კრონის დახმარება გადასცა.
აპრილში ცნობილი გახდა, რომ დანია, ნიდერლანდებთან ერთად, უკრაინას გერმანული წარმოების Leopard 2-ის 14 ტანკს მიაწოდებს.
გარდა ამისა, დანია, ნორვეგიასთან ერთად, დათანხმდა უკრაინისთვის 8000 საარტილერიო ჭურვის გადაცემას.