ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის 300 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს 3 მაისს გამოაცხადებს. ამის შესახებ Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს.
არსებული ინფორმაციით, დახმარების პაკეტში შედის 155 მმ-იანი ჰაუბიცები, HIMARS-ებისა და ჰაუბიცების საბრძოლო მასალა, TOW-ს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები და ნაღმსატყორცნები.
ამასთანავე, პირველად, შეერთებული შტატები უკრაინას Hydra 70-ის მცირე რადიუსის უმართავ რაკეტებს გადასცემს. Hydra 70-ის რაკეტებს უკრაინის ავიაცია კონტრშეტევისას რუსეთის სახმელეთო ძალების წინააღმდეგ გამოიყენებს.
Hydra 70 არის უმართავი რაკეტა, რომელიც დამზადებულია General Dynamics-ის მიერ. რაკეტები შექმნილია მტრის აღჭურვილობისა და ცოცხალი ძალის გასანადგურებლად. რაკეტებით შეიძლება სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების აღჭურვა.