რუსეთს შესაძლოა მალე ისეთი სამხედრო პოტენციალი ჰქონდეს, რომ ნატოზე თავდასხმა უკვე 2026-27 წლებში შეძლოს. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ CNBC-თან ინტერვიუში განაცხადა.

პოლონეთის პრეზიდენტმა დაიცვა თავისი ბოლო ინიციატივა ნატოს ქვეყნებისთვის თავდაცვის ხარჯების ზღვრის მშპ-ს 2-დან 3%-მდე გაზრდის შესახებ.

"ჩემი გადმოსახედიდან, ეს საღი აზრია. ჩნდება ახალი მოხსენებები და მე ახლახან ვნახე გერმანელი ექსპერტების ანგარიში, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, უკვე 2026 და 2027 წლების მიჯნაზე პუტინმა შესაძლოა შეუტიოს ნატოს, პუტინმა თავისი ეკონომიკა სამხედრო რელსებზე გადაიყვანა." - აღნიშნა დუდამ.

"განგაშის ზარი რეკავს: ჯერ კიდევ 2-3 წელია დარჩენილი, რომლის დროსაც ჩვენ გვჭირდება ძალისხმევის გაზრდა, საბრძოლო მასალის შეგროვება, იარაღის წარმოება, ევროპის უსაფრთხოების შესაძლებლობების გაზრდა და ომისთვის მომზადება ისე, რომ ეს არ მოხდეს." - დაამატა მან.

მან ასევე აშშ-ს მოუწოდა, გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა და გააფრთხილა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში არ შეჩერდება, ამის ფასი მოგვიანებით მკვეთრად გაიზრდება.

"ეს რუსული აგრესია ნებისმიერ ფასად უნდა შეწყდეს, თუ არ შეჩერდა, გავრცელდება და მაშინ ვშიშობ, რომ ამერიკული ფული არ იქნება საკმარისი რუსეთის შესაჩერებლად, ამერიკული ჯარები უნდა ჩაერიონ და ეს არავის უნდა." - თქვა დუდამ.

ამავე დროს, მან განაცხადა, რომ "ყოველი დოლარი, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად იჯახრება, ყოველი Bradley, რომელიც უკრაინას გადაეცემა, ყოველი იარაღი, რომელიც უკრაინას გადაეცემა, ყოველი ყუთი საარტილერიო ჭურვი, რომელიც უკრაინას გადაეცემა, რუსეთის გამარჯვების აჩრდილს გვაშორებს."