პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას განცხადებით, უკრაინასთან საზღვრის გადაკეტვა ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის და მათ ფერმერებისთვის პროტესტის აკრძალვა არ შეუძლიათ.
მისი თქმით, ევროპელ ფერმერებს ევროკავშირის ბაზრებზე უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქტების უზარმაზარი შედინების გამო „თავიანთი არსებობის შიში აქვთ“.
„ეს მართლაც რთული პრობლემაა. ეს დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამო. გვახსოვდეს, რომ ყველაფერში დამნაშავეა რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და არავინ სხვა", განაცხადა დუდამ.
მისი თქმით, პოლონეთს უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციის ტრანზიტი არასდროს აუკრძალავს.
როგორც დუდა აცხადებს, სოფლის მეურნეობის პროფკავშირები ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად მოქმედებენ და საზღვრის ბლოკირება პოლონეთის მთავრობის გადაწყვეტილება არ არის.
პოლონელი ფერმერები უკრაინასთან საზღვარზე 6 გამშვები პუნქტის ბლოკირებას აგრძელებენ. ამავდროულად, გამშვებ პუნქტებზე „უსტილუგი”, “რავა-რუსკაია” და “უგრინოვი” მათ სამგზავრო ტრანსპორტი გაშვება დაიწყეს.