უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის დიალოგი უკვე დამყარებულია, იწყება შეხვედრის მომზადება. ამის შესახებ სიბიგამ კიევში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"პრეზიდენტ ზელენსკისა და არჩეულ პრეზიდენტ ტრამპს შორის დიალოგი უკვე დამყარებულია. სატელეფონო საუბრის გამართვის სიჩქარე არის სახელმწიფო მეთაურებს შორის უკვე არსებული პირდაპირი დიალოგის დასტური. რა თქმა უნდა, განიხილულო იყო ხელმძღვანელობის დონეზე შესაძლო სამომავლო კონტაქტები. შეთანხმდნენ, რომ გუნდები დაიწყებენ პრაქტიკულ მოსამზადებელ სამუშაოებს შეხვედრის ორგანიზებისთვის", - თქვა სიბიგამ.

სიბიჰამ აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი, სექტემბერში შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს, შეხვდა პრეზიდენტობის მაშინდელ კანდიდატს დონალდ ტრამპს და წარუდგინა უკრაინული ხედვა სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად.

მან ასევე დაამატა, რომ ზელენსკი იყო ერთ-ერთი პირველი მსოფლიო ლიდერი, რომელიც ტრამპს არჩევის შემდეგ ტელეფონით ესაუბრა.

"ეს იყო კარგი საუბარი, გულწრფელი საუბარი, სადაც მოხდა აზრთა გაცვლა შემდგომი ურთიერთქმედების შესახებ, ჩვენ მოუთმენლად ველით ამ კონტაქტს ლიდერების დონეზე.

ასევე საუბრისას განიხილეს შემდგომი ნაბიჯები გუნდებს შორის საკომუნიკაციო არხების დასამყარებლად და ეს სამუშაოც უკვე დაწყებულია. ამიტომ, ჩვენ მზად ვართ შემდგომი თანამშრომლობისთვის.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველას გვაერთიანებს სამართლიანი მშვიდობის მიღწევა და რუსული აგრესიის შეჩერების მიზანი", - განაცხადა მინისტრმა.