საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ დაკავებულია სამეგრელოს კუდ-ის ყოფილი უფროსი რუსლან შამახია.
„მისი დაკავების ფაქტს გიდასტურებთ. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 236-ე მუხლით, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ახლაც მიმდინარეობს ღონისძიება და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.
ასევე შსს-ს თანამშრომლებმა პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე დააკავეს.
„მათ ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება. ასევე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. დანაშაულები ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – განაცხადა დარახველიძემ.
შეგახსენებთ, მურთაზ ზოდელავას მოწოდების შემდეგ გადაინაცვლეს აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის რეზიდენციისკენ, რადაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. დაშავდა 14 პოლიციელი. ერთ-ერთი მათგანი მიღებული დაზიანებების შედეგად მძიმე მდგომარეობაშია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღე გაავრცელა განცხადება, რომ თბილისში მიმდინარე აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს