მე დროული სკრინინგის წყალობით გადავრჩი. წელიწადში ორჯერ, როგორც წესი, სარძევე ჯირკვლების და საშვილოსნოს გამოკვლევას ვიკეთებ. ბოლო გამოკვლევის შემდეგ 7 თვე იყო გასული და აღმოჩნდა, რომ კვანძი, რომელიც 7 თვის წინ, თითქოს არანაირ საფრთხეს წარმოადგენდა, გარდაქმნილი იყო სიმსივნედ... პროცესი ადრეული იყო და ასე ვთქვათ, მარტივად მოგვარდა...
ეს ჩემი პერსონალური ისტორიაა ავადმყოფობის და რომ გითხრათ, რომ ძალიან მსიამოვნებს ამაზე საუბარი, სულაც არა... მაგრამ თუკი ეს ამბავი ერთ ადამიანს მაინც მიაღებინებს გადაწყვეტილებას, რომ აუცილებლად უნდა ჩაიტაროს სკრინინგი, მე მზად ვარ, დაუსრულებლად ვისაუბრო ამაზე...
არის პროგრამები, რომელზედაც აუცილებლად უნდა ვისაუბროთ, ძალიან ბევრი ვისაუბროთ და ყველას გავაგებინოთ ეს ამბავი. ერთ-ერთი ასეთია თბილისის მერიის პროგრამა უფასო სკრინინგზე. მიუხედავად იმისა, რომ საინფორმაციო საშუალებებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით უამრავი განცხადება გაკეთდა აღნიშნულ პროგრამაზე, ძალიან ბევრმა ადამიანმა ჯერ კიდევ არ იცის, რამხელა სიკეთის მიღება შეუძლიათ საკუთარი თავისთვის.
ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამის ფარგლებში, თბილისის მერიის ა(ა)იპ ეროვნულ სკრინინგ ცენტრში, გამოკვლევების ჩატარების პროცესი განახლდა.
პროგრამის ფარგლებში, თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის სკრინინგი (გამოკვლევები) სრულად ფინანსდება. კიბოს სკრინინგის კომპონენტში პროგრამა მოიცავს ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და პროსტატის კიბოს სკრინინგს და მისი მიზანია კიბოს ადრეული გამოვლენის მაჩვენებლის გაზრდის გზით, კიბოთი გამოწვეული ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირება.ვის შეუძლია ჩაიტაროს უფასო სკრინინგი, რამდენჯერ შეიძლება უფასო სკრინინგის ჩატარება, საჭიროა თუ არა წინასწარ დარეგისტრირება, უნდა ვიდგეთ თუ არა გაუთავებელ რიგებში და საერთოდ, რა უნდა ვიცოდეთ ამ პროგრამის შესახებ?
"აიპრესი" ამასთან დაკავშირებით სკრინინგის ცენტრის ხელმძღვანელს, ეთო კიღურაძეს ესაუბრა
ვის შეუძილია ჩაიტაროს თქვენთან უფასო სკრინინგი და ზოგადად, რისი უფასო სკრინინგია რომ განვუმარტოთ ჩვენს მკითხველს. ასევე მინდა დავაზუსტოთ, ხშირად ჰგონიათ, რომ სკრინინგ ცენტრი მხოლოდ ქალბატონებს ემსახურებათ.
უფასო სკრინინგი მხოლოდ ქალებისთვისაა თუ კაცებზეც ვრცელდება ეს პროგრამა?
სკრინინგის პროგრამა საქართველოში დაიწყო 2008 წლიდან თბილისში და შემდეგ გავრცელდა რეგიონის მასშტაბით, მთელს საქართველოში. თავიდან იყო ძუძუს და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი, შემდეგ დაემატა სხვა კომპონენტები. დღეისათვის საქართველოში მოქმედებს ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგები და ასევე არის პროსტატის კიბოს მართვის პროგრამა.
თითოეული მათგანისთვის ასაკობრივი ჯგუფებია განსაზღვრული: ძუძუს კიბოს სკრინინგში ერთვებიან ქალბატონები 40-70 წლის, სკრინინგი ტარდება ყოველ 2 წელიწადში ერთხელ, მაგრამ პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში, ექიმის დანიშნულებით ვადაზე ადრე ხდება დაბარება და ამასაც ანაზღაურებს თავად პროგრამა.
საშვილოსნოს ყელს რაც შეეხება, 25-60 წლის ქალბატონებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება, სკრინინგი უფასოა 3 წელიწადში ერთხელ და ასევე თუ პათოლოგია გამოვლინდა ვადაზე ადრე განმეორებით სკრინინგსაც ფარავს პროგრამა. რაც შეეხება მსხვილი ნაწლავის კიბოს პრევენციას, პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ 50-70 წლის ქალბატონებს და ბატონებს. მომსახურების მიღება, ამ შემთხვევაში, შეუძლიათ 2 წელიწადში ერთხელ.
ადამიანები ხშირად სამედიცინო დაწესებულებებს გაუთავებელი რიგებისა და დროის უქონლობის გამო არიდებენ თავს. ამ მიმართულებით რა ხდება თქვენს ცენტრში, არის თუ არა შესაძლებელი წინასწარ ჩაწერა, რიგების და ლოდინის გარეშე რომ მიიღოს პაციენტმა მომსახურება?
ეროვნული სკრინინგ ცენტრი თბილისში 4 ლოკაციაზე მოქმედებს, დიდუბეში, ვარკეთილში, გლდანში და საბურთალოზე, შესაბამისად გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა დაცულია. ასევე სკრინინგ ცენტრს ჰყავს თავისი მობილური გუნდი, „მამომობილი“ - მანქანა , რომელიც მოძრაობს საქართველოს მასშტაბით. საქართველოს რეგიონებშიც მოქმედებს სკრინინგის პროგრამა, შესაბამისად მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ.
რაც შეეხება წინასწარ ჩაწერებს, რა თქმა უნდა, უმჯობესია წინასწარ იყოს პაციენტი კვლევაზე ჩაწერილი, ჩვენთან მოქმედებს ცხელი ხაზი 2 20 35 35, სადაც შეუძლია მოქალაქეს მიიღოს სასურველი ინფორმაცია და ასევე ჩაეწეროს კვლევებზე ნებისმიერ ფილიალში, სასურველ დროს.
წინასწარი ჯავშნის გაკეთება უკვე თქვენი ოჯახის ექიმსაც შეუძლიათ გაგიკეთოთ. როგორც კოვიდის აცრებზე რეგისტრაცია შეგვეძლო შესაბამის ვებგვერდზე, ამავე მისამართზე გაჩნდა შესაძლებლობა, დაიჯავშნოს ვიზიტები, იქ არის ჩამონათვალი ქალაქების, ორგანიზაციების, ასევე ჩვენივე ოთხივე ფილიალი შეტანილია ამ სისტემაში და ასევე დროებია გაწერილი. შესაბამისად, მოქალაქეს შეუძლია მისთვის სასურველ ნებისმიერ დროს გააკეთოს ჯავშანი სახლიდანვე. ასევე ოჯახის ექიმების ჩართულობა გაძლიერდა ამ პროცესში. ოჯახის ექიმებს გაუჩნდათ ახალი ვალდებულება, რომ აკონტროლონ გეგმიური ამბულატორიის ფარგლებში მათზე მიმაგრებული ბენეფიციარების სკრინინგული სტატუსები.
მათ სწორედ ამ "ბუქინგის" სისტემიდან შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია კონკრეტულ მოქალაქეზე - ჩატარებული აქვს თუ არა სკრინინგი, თუ აქვს, კვლავ რა ვადაში ეკუთვნის, თუ არ აქვს, როდის შეუძლია დაუჯავშნოს ვიზიტი. ასე რომ, ისევე როგორც თავად მოქალაქეს შეუძლია თავად დაჯავშნოს ვიზიტი სკრინინგზე, ასევე ოჯახის ექიმებს შეუძლიათ დაუჯავშნონ და მიაწოდონ ინფორმაცია პაციენტებს ამის შესახებ.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, რათა თავიდან იყოს აცილებული რიგები და დროის ლოდინში დაკარგვა.
ახლა მინდა სტატისტიკაზე გადავიდეთ. არის თუ არა იმის სტატისტიკა, რამდენ ხშირია შემთხვევები, როცა დროულ სკრინინგს ადამიანისთვის დაავადების გართულება აუცილებია თავიდან?
სკრინინგის პროგრამა არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის ნაწილი, რადგან ის ახორციელებს დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენას და შესაბამისად, ადრეულ ეტაპზე გამოვლენილი დაავადება გაცილებით მარტივად სამართავია. პროგნოზები კი მეტად იმედის მომცემია.
სანამ სკრინინგის პროგრამა ამუშავდებოდა, კიბოს გამოვლენის შემთხვევათა უმეტესი ნაწილი იყო მე-3 და მე-4 სტადიაზე, რაც პროგრამა მოქმედებს თანდათან არის ტენდენცია ადრეულ ეტაპზე, 1-ელ, მე-2 სტადიაზე გამოვლენის, ასევე ზოგიერთი კომპონენტის შემთხვევაში, ნულოვან სტადიაზე გამოვლენის. ეს გვაძლევს იმის საფუძველს, თქვათ რომ სკრინინგის პროგრამა ნამდვილად მუშაობს და ადრეულ ეტაპებზე ავლენს როგორც კიბოს, ასევე კიბოსწინარე დაავადებებს. ჩვენი ძირითადი სამიზნეც ზუსტად ეს არის, ადრეული ეტაპის კიბო და კიბოსწინარე დაავადებები.
მაგალითად, ახლა ვსაუბრობთ საშვილოსნოს ყელის კიბოს კვირეულზე და ამ კონკრეტულ კიბოს რომ შევეხოთ, მისი წინარე დაავადებები ძალიან ხანგრძლივად მიმდინარეობს ორგანიზმში და ამ პროცესების გამოვლენა ძალიან მარტივად ხდება სწორედ სკრინინგის პროგრამით, რაც შემდეგ სამართავად მარტივია. ამბულატორიული ქირურგიის ფარგლებში, შესაძლებელია ამ პრობლემის მოგვარება, შემდეგ კი სრულიად გამოჯანმრთელება. ამიტომ შანსი ნამდვილად არ უნდა გაუშვათ ხელიდან, რომ გამოვიყენოთ ეს პროგრამები.
კიბოს წინარე დაავადებებზე ვსაუბრობდით და მინდა გკითხოთ, რა არის ის ნიშნები, რისი გამოჩენის შემდეგაც „განგაშის ზარს“ უნდა შემოვკრათ?
საქმეც ისაა, რომ თუ ადამიანს რაიმე ჩივილები გამოუვლინდა უკვე, თუ დაავადების გამოა გამოწვეული ეს ნიშნები, ეს მიუთითებს (არა ყველა შემთხვევაში, რა თქმა უნდა. არ შევაშინოთ მკითხველი) იმას, რომ უკვე შორს წასულ შემთხვევებთან გვაქვს საქმე. სკრინინგის სამიზნე არის აბსოლუტურად ჯანმრთელი მოსახლეობა, რომელსაც არანაირი ჩივილი, არანაირი ნიშანი არ აქვს. ამ ეტაპზე გამოვლენილი დაავადება, გვაძლევს სრული გამოჯანმრთელების შესაძლებლობას.
საშვილოსნოს ყელის კიბოს დროს, გარკვეული თავისებური ჩივილები არსებობს , ეს შესაძლოა იყოს სისხლიანი გამონადენი, ტკივილი მუცლის არეში და ა.შ. თუმცა, ეს როცა გამოვლინდება, იქ უკვე ჩამოყალიბებულ პროცესთან გვაქვს საქმე.
ძუძუს რაც შეეხება, შეიძლება ისინჯებოდეს ხელით წარმონაქმნი, იყოს ძუძუს თავის ჩაბრუნება, სისხლიანი გამონადენი დრდვილიდან, ძუძუს კანის გარქოვანება ე.წ ფორთოხლისებრი კანი და ა.შ. ეს ყველა ნიშანი დაავადების გამოვლენაა და შორს წასულ პროცესზე მიუთითებს.
კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ რომ ჩვენი სამიზნე არ არის ასეთი ადამიანი, ჩვენი სამიზნეა ჯანმრთელი მოსახლეობა, რომელსაც არანაირი სიმპტომი და ჩივილი არ გააჩნია და ზუსტად ამ კონტინგენტში უნდა მოხდეს კვლევების ჩატარება.
თუ არსებობს სტატისტიკა, ყველაზე ხშირად რა ასაკის ადამიანები მიმართავენ სკრინინგს, ახალგაზრდები უფრო ყურადღებით არიან თავიანთ სხეულთან თუ უფრო უფროსი თაობა?
იქიდან გამომდინარე, რომ ჩამოთვლილ სკრინინგულ მიმართულებებს თავიანთი სამიზნე ჯგუფები აქვს, მაგალითად ძუძუ 40 წლიდან იწყება და შესაბამისად, მანამდე არც მოგვმართავს ადამიანი. საშვილოსნოს სკრინინგი უფრო ადრეული ასაკიდან იწყება. თუმცა, გარკვეული სტატისტიკა არსებობს, ვინ უფრო ხშირად იტარებს ამ კვლევებს. ნელ-ნელა იზრდება ცნობიერება ახალგაზრდებში ამ სკრინინგული პროგრამების კუთხით და მე მგონი, მათ უფრო აქვთ ჯანმრთელობის შემოწმების კულტურა. ჩვენს წინა თაობებს უფრო ნაკლებად. ადრე იყო ისე, თუ არაფერი შეგაწუხებს ექიმთან არ მიდიხარ. ცნობიერების ამაღლების კუთხით, სწორედ ახალგაზრდების სეგმენტზე ვმუშაობთ. შესაძლოა, ჯერ თავად არც ეკუთვნოდეთ სკრინინგის პროგრამა ასაკობრივად, მაგრამ ისინი არიან ინფორმაციის გამავრცელებლები. ისინი აძალებენ უფროს თაობას, რომ მივიდნენ და ჩაიტარონ გამოკვლევები. მეორე მნიშვნელოვანი არის ის, რომ როცა ისინი მიაღწევენ სკრინინგულ ასაკს, ექნებათ გარკვეული კულტურა ჩამოყალიბებული, გეგმური გამოკვლევების ჩატარების.
არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ ძუძუს კიბოს რისკს ამცირებს, თუ ქალი ახალშობილს ძუძუთი კვებავს. არის თუ არა ამის მეცნიერული დადასტურება?
ზოგადად, არსებობს კავშირი ძუძუთი კვებასა და ძუძუს კიბოს რისკებს შორის და ეს კავშირი არის დადებითი. გარკვეული კვლევების არის ჩატარებული, რომელიც ადასტურებს, რომ ძუძუთი კვების შემთხვევაში კიბოს განვითარების ნაკლები რისკია.
და ბოლოს, წლის ან თვის განმავლობაში მომართვიანობა რამდენია?
სკრინინგის პროგრამამ რომ თავის მიზანს მიაღწიოს, რომელიც არის სიკვდილიანობის და ავადობის შემცირება, აუცილებელია მიზნობრივი ჯგუფების პროგრამაში ჩართულობა, ე.წ მოცვის მაჩვენებელი იყოს 65-70%. ჩვენ ქვეყანაში საკმაოდ დაბალია, მაგალითად საშვილოსნოს კიბოს შემთხვევაში დაახლოებით 24%-ია თბილისის მასშტაბით, რეგიონებში უფრო დაბალია. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს რიცხვები გაიზარდოს. ჯამში, მომართვიანობა არის, წლიდან წლამდე იზრდება ეს მაჩვენებელი არ არის საკმარისი, რომ პროგრამამ თავის მიზნებს მიაღწიოს.