2024 წლის 15 მაისს ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასის კლება დაფიქსირდა. ყველაზე დიდი %-ული კლება „თიბისი ბანკის" აქციების ფასმა განიცადა. ვაჭრობის დასრულების მომენტში დაწყებისას არსებული ფასის 14,24%-იანი ვარდნა დაფიქსირდა. „საქართველოს ბანკის" აქციების ფასი 13,03%-ით შემცირდა, „საქართველოს კაპიტალის" კი 8,8%-ით.
ქართველ ექსპერტთა ერთმა ნაწილმა ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი მკვეთრად დაცემა წინა დღით პარლამენტის მიერ მიღებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მესამე მოსმენით მიღებას დაუკავშირა. მათ განაცხადეს, რომ ე.წ. „რუსული კანონის“ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებმა საქართველო ინვესტორებისთვის სარისკო ქვეყნად აქცია და თუ პარლამენტი პრეზიდენტის მოსალოდნელ ვეტოს დაძლევდა და კანონს აამოქმედებდა ეკონომიკა ძალიან ცუდ დღეში ჩავარდებოდა.
„იმას, ახლა რასაც ვხედავთ, მხოლოდ პირველადი გამაფრთხილებელი ნიშნებია.
გონს უნა მოეგოს ხელისუფლება, თორემ ძალიან ცუდად დაამთავრებს. სწორედ ამას მოწმობს ლონდონის ბირჟაზე არსებული მდგომარეობა“, - წერდა ყოფილი ვიცე პრემიერ-მინისტრი და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი და საქართველოს III, VI და IX მოწვევის პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე.
პესიმისტური პროგნოზების გაკეთებიდან ერთი წლის თავზე და მიუხედავად იმისა, რომ განვლილ პერიოდში სანქციებიც დაწესდა და უფრო მწვავე საპროტესტო გამოსვლებიც იყო, ვიდრე გასული წლის აპრილსა და მაისში, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასმა მკვეთრად მოიმატა.
დღეის მონაცემებით, „თიბისი ბანკის“ აქციების ზრდამ შეადგინა 79%, „საქართველოს ბანკის“ - 55%, ხოლო „საქართველოს კაპიტალის“ კი 90%.
ლარის კურსი 2024 წლის 16 მაისს 2,7323 იყო, დღეს კი 2,7425-ია.