„სამწუხაროა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების წარუმატებელი გამოსვლაც კი ოპოზიციისთვის მორიგი პოლიტიკური სპეკულაციისა და ხელისუფლებაზე თავდასხმის საბაბი გახდა“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზურაბ რურუამ.

მისი თქმით, რთულ პერიოდში ჩვენს ფეხბურთელებთან გვერდით დგომის ნაცვლად, სააკაშვილი და მისი პოლიტიკური თანამოაზრეები სხვადასხვა აქტივისტებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად ცდილობენ სპორტული შედეგი პირდაპირ ქვეყნის ხელისუფლებას დაუკავშირონ.

„მინდა მათ ვკითხო - რა კავშირი აქვს ფეხბურთის მოედანზე ნაჩვენებ შედეგს ქვეყნის ხელისუფლებასთან? როდიდან გახდა ეროვნული ნაკრების თითოეული მარცხი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი? ეს არის სრულიად მიუღებელი დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნისა და სპორტსმენების მიმართ.

ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ ამ ადამიანებისთვის, როგორც ჩანს, მნიშვნელობა აღარ აქვს რა მდგომარეობაში არიან ჩვენი ფეხბურთელები, რას განიცდიან ისინი მარცხის შემდეგ და რამდენ შრომას დებენ ქვეყნის სახელის ღირსეულად წარმოსაჩენად. მათთვის მთავარია ნებისმიერი წარუმატებლობა საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენონ. როდესაც ეროვნული ნაკრების მარცხს პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებენ, ამით, პირველ რიგში, საკუთარ დამოკიდებულებას აჩვენებენ ქვეყნისა და მისი სპორტსმენების მიმართ“, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა. 

მისი თქმით, საქართველოს ეროვნული ნაკრები არც ხელისუფლების საკუთრებაა და არც ოპოზიციის. ის ეკუთვნის ქართველ ხალხს და ჩვენი ფეხბურთელები იმსახურებენ მხარდაჭერას როგორც გამარჯვების, ისე დამარცხების დროს. 

„მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების წარუმატებლობა არ უნდა იქცეს პოლიტიკური სპეკულაციების, დაპირისპირებისა და ანგარიშსწორების საგნად. როდესაც საკუთარი ქვეყნის სპორტსმენების მარცხს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებ, ამით არც ქართულ ფეხბურთს ემსახურებით და არც ქვეყნის ინტერესებს. ნამდვილი პატრიოტიზმი მხოლოდ გამარჯვების დროს სიხარული არ არის. ნამდვილი პატრიოტიზმი სწორედ მაშინ ჩანს, როდესაც შენს ქვეყანას და მის სპორტსმენებს ყველაზე მეტად სჭირდებათ მხარდაჭერა. ჩვენ კი, ყოველთვის ვიდგებით ქართველი სპორტსმენების გვერდით, როგორც გამარჯვების, ისე დამარცხების დროს“, - განაცხადა ზურაბ რურუამ.