ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე რაგბი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ფინალში ესპანეთი 32:11 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული ზედიზედ მეექვსედ გახდა.

პირველ ტაიმში უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ სამი ლელოს დადება მოახერხეს, თავი საბა შარვაშიძემ, ანრი შველიძემ და დავით ბარბაქაძემ გამოიჩინეს, გიგი სირბილაძემ ორო ლელო ზუსტად გარდასახა, პირველი ტაიმის ბოლოს კი საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა. ესპნალებმა მხოლოდ ორი ჯარიმის გატანა მოახერხეს და პირველი ტაიმი ქართველმა მორგბეებმა 22:6 მოიგეს.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა მონაგარს კიდევ 10 ქულა მიუმატა – გიგი სირბილაძემ ერთი ჯარიმა გაიტანა, ერთ ეპიზოდში კი ესპანელები საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ, ხოლო მეტოქემ ერთი ლელოს დადება მოახერხა და საბოლოოდ უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ შეხვედრა 32:11 მოიგეს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ტურნირზე ქართველმა ჭაბუკებმა მეოთხედფინალში გერმანია 67:0 დაამარცხეს, ხოლო ნახევარფინალში ნიდერლანდებს 36:5 სძლიეს.