საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ლუკა ლოჩოშვილი (სალერნიტანა, იტალია) სომხეთთან მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებს, ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ერთა ლიგაზე სომხეთთან საპასუხო მატჩამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ლოჩოშვილის ტრავმა სერიოზული არ არის, მაგრამ ხვალ არ ითამაშებს, დასვენების საშუალებას მივცემთ. რაც შეეხება ტაქტიკურ სქემას, ერევანში უკვე ნახეთ, სამომავლოდ რა სქემის გამოყენებას ვაპირებთ.
პირველი თამაშის 3:0-ის მოგების შემდეგ მოთამაშეების მოტივაცია არ გაგვიჭირდება. განსხვავებული შემადგენლობა იქნება – ბიჭებმა იციან, რომ გუნდში დიდი კონკურენციაა და თუ ბოლომდე არ დაიხარჯებიან, სხვები ითამაშებენ. ჩვენ ყველა პოზიციაზე არაერთი ძლიერი ფეხბურთელი გვყავს.
ლაცაბიძესა და გუგეშაშვილს თუ ვათამაშებთ? მეკარის პოზიცია განსხვავებულია და გუგეშაშვილს შანსი ივნისის ამხანაგურ შეხვედრებში მიეცემა. ლაცაბიძე ნიჭიერი მოთამაშეა, უკრაინაში ახლახანს წავიდა. ძალიან თავშეკავებული ბიჭია, ბევრს მისმენს და სწავლობს, მომავალში შანსი აუცილებლად ექნება, მაგრამ ხვალ მნიშვნელოვანი თამაშია, ძლიერ შემადგენლობას ვათამაშებთ და გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. გუნდში იდეალური გარემოა, რაც წარმატებისთვის მთავარია. საბა გოგლიჩიძემ დაცვის ცენტრში კარგად ითამაშა და მისი იმედი მომავალშიც გვაქვს“.
საქართველოს ნაკრები სომხეთთან ორმატჩიანი პლეი ოფის მოგების შემთხვევაში უეფა-ს ერთა ლიგის B დივიზიონში დარჩება. საპასუხო შეხვედრა 23 მარტს თბილისში, „დინამო არენაზე“ 18:00 საათზე დაიწყება.
თარგმანი საზოგადოებრივი მაუწყებელი.