საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ერთა ლიგაზე უკრაინასთან (0:1) შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და მატჩის წაგების მიზეზად მოთამაშეთა ნაკლები მობილიზება დაასახელა.
„დღეს, საწყის 30 წუთში ინტენსიურობა და აგრესიულობა დაგვაკლდა. თამაში სწორედ ამის გამო წავაგეთ. ისეთი მობილიზებულები არ ვიყავით, როგორც წინა მატჩებში და ჩვენი ფეხბურთი ვერ ვაჩვენეთ. ეს კატასტროფა იყო. უკრაინა კი გაცილებით კონცენტრირებული იყო და ანგარიშში დაწინაურებაც დაიმსახურა.
მთლიანობაში, ჩვენ უფრო მეტი საგოლე შანსი გვქონდა და ამიტომ ამ შედეგით იმედგაცრუებულები ვართ. თუმცა, თამაშის ასეთი დაწყებით წაგება გასაკვირი არ უნდა იყოს. ეს, შეიძლება ერთის მხრივ კარგიც იყო და იმედია, ფეხბურთელები შემდეგი შეხვედრისთვის გამოფხიზლდებიან.
წარმატებული თამაშების შემდეგ და სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ხომ არ იყო მეტოქის დაუფასებლობა? არა მგონია, საქმე მოტივაცის ნაკლებობაშია. უბრალოდ, უნდა გვესმოდეს, რომ მატჩის მოსაგებად, მუდმივად უნდა შევინარჩუნოთ დონე და მუდმივად გავაუმჯობესოთ თამაში. ეს არის ის, რაც დღეს არ გავაკეთეთ. ამიტომ ვულოცავ უკრაინის ნაკრებს.
მატჩის ორი მესამედი ბურთს ჩვენ ვაკონტროლებდით და მეტოქეზე უკეთესად ვთამაშობდით, გოლის შემდეგაც კარგი რეაქცია გამოვავლინეთ. მაგრამ ყველამ უნდა გაიგოს, რომ იოლი თამაშები არ იქნება და თუკი წარმატების მიღწევა გვსურს, ყველა მატჩი ისე უნდა ჩაატარო, თითქოს ყველაზე მნიშვნელოვანია.
სხვათა შორის, ჩეხეთთან მატჩიც კარგად ვერ დავიწყეთ და ესაა დასაფიქრებელი. რა არის მიზეზი, პირველ წუთებზე რომ გვიჭირს. დღეს მხოლოდ გოლის მერე გამოვფხიზლდით. ეს ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს. ეს მატჩი სამომავლოდ გამოგვადგება.
ჩვენ არ ვართ იტალია, ესპანეთი ან სხვა ტოპ-ნაკრები, რომლებსაც ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელი ჰყავს. ჩვენ საქართველო ვართ და ყველა თამაშში სხვაგვარი მობილიზება გვჭირდება. ბოლო პერიოდში ყველაფერს გუნდური სულისკვეთებისა და თავდადების ხარჯზე მივაღწიეთ, რისი ნიშნებიც საწყის 30 წუთში ნაკლებად იგრძნობოდა“.
B1 ჯგუფში გამართული სამი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები 6 ქულით ისევ პირველ ადგილზეა, მაგრამ ჩეხებს (6) მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ასწრებს. ანალოგიური ამბავია აუტსაიდერებში: მესამეზე – ალბანეთია (3), ხოლო უკრაინა (3) ბოლოზე რჩება.