ერთა ლიგის პლეი ოფში საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე სომხეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვან’ტ სხიპმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
ნიდერლანდელმა სპეციალისტმა კომენტარი გიორგი მიქაუტაძის შესახებაც გააკეთა, რომელთან ერთადაც ამსტერდამის „აიაქსში“ მუშაობდა.
„საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს. ისინი სწორ ფეხბურთს თამაშობენ და ზუსტად იციან, მოედანზე რა უნდა გააკეთონ. ჩვენთვის მათ წინააღმდეგ გამოსვლა დიდი გამოწვევაა.
გიორგი მიქაუტაძეს „აიაქსში“ შანსი რამდენჯერმე მივეცი, თუმცა დიდი სათამაშო დრო არ ჰქონია. მაშინ ერთი თავდამსხმელი, ჩუბა აკპომი გვყავდა და გიორგის სხვა პოზიციაზე გამოყენება გვიწევდა. ის შესანიშნავი ფეხბურთელია, „ლიონში“ კარგად თამაშობს და წარმატებებს ვუსურვებ.
აქ ცოტა ხნის წინ მოვედი, ფეხბურთელების გასაცნობად დიდი დრო არ მქონია, თუმცა გარკვეული პროგრესი გვაქვს, მოთამაშეებსაც ჩემი ესმით და მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებ“, – განაცხადა ჯონ ვან’ტ სხიპმა.
ერთა ლიგაზე სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 20 მარტს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.