სერბეთის ქალაქ ვრნიაჩკა-ბანიაში ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს.

ვეტერანთა მსოფლიო ჩემპიონატი ქალთა ორ და კაცთა ორ ასაკობრივ ჯგუფში ტარდება. ქართველი მოჭადრაკეები ოთხივე ჯგუფში ლიდერთა შორის არიან.

ქალთა 65 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ნონა გაფრინდაშვილმა პირველ ტურში გერმანელი მირა კირზეკი დაამარცხა, მეორე ტურში ყაიმზე შეუთანხმდა ლიეტუველ მარგარიტა ბალიუნიენეს, მესამეში კი სძლია რუს ტატიანა ბოგუმილს და 2,5 ქულით სხვა სამ მოჭადრაკესთან ერთად მეორე-მეხუთე ადგილებს იყოფს.



ქალთა 50 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ინგა ხურცილავა სამიდან სამი ქულით (მოუგო ბულგარელ ემილია გრიგორიევას, თანამემამულე სოფი ნიკოლაძეს და კუბელ მარიცა არიბასს) ერთპიროვნულად ლიდერობს.

სოფიკო ტერელაძე მას ნახევარი ქულით ჩამორჩება (მოუგო რუს როზა იდრისოვას და ინდოელ არპი შაჰს დაყაიმით დაასრულა შეხვედრა შვედ პია კრამლინგთან). სოფიკო ნიკოლაძეს ორი ქულა აქვს (მოუგო ფრანგ აგნეს ედენს, დამარცხდა ინგა ხურცილავასთან და ყაიმზე შეუთანხმდა როზა იდრისოვას).

მათთან ერთად ასპარეზობს შოტლანდიელი ქეთევან არახამია-გრანტი, რომელსაც 2,5 ქულა აქვს.

კაცთა 65 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ზურაბ სტურუას სამიდან სამი ქულა აქვს და ექვს სხვა მოჭადრაკესთან ერთად ლიდერობს.

კაცთა 50 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში მიხეილ კეკელიძე სამიდან სამი ქულით პირველ-მეხუე ადგილებს იყოფს. ფრიდონ ყალაგაშვილს და ზაზა ხოფერიას 1,5-1,5 ქულა აქვთ.

მოამზადა რაულ კაპანაძემ