საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა თბილისში, ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის სპორტის სასახლეში ისრაელის ეროვნულ გუნდთან ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქე 101:90 დაამარცხა.
მატჩი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და პირველი მეოთხედი რვა ქულით მოიგეს. საქართველოს ნაკრებმა მეორე 10-წუთიან მონაკვეთში ჩამორჩენა აღმოფხვრა, 26:16 მოიგო და პირველი ტაიმი „ჯვაროსნების“ სასარგებლოდ დასრულდა – 43:41.
დარჩენილი ორი მეოთხედში შეხვედრა ქულა-ქულაში გაგრძელდა, გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება ვერცერთი გუნდი ვერ ახერხებდა, თუმცა დასკვნით მეოთხედში უფრო ზუსტად ქართველმა კალათბურთელებმა ითამაშეს და საბოლოოდ შეხვედრაც მათი გამარჯვებით დასრულდა – 101:90
ისრაელთან მატჩი „ჯვაროსნებისთვის“მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრებამდე გენერალური რეპეტიციაა იყო.
მომდევნო მატჩები „ჯვაროსნებს“ უკვე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე აქვთ – 28 აგვისტოს თბილისში, მონტენეგროს ნაკრებს ეთამაშებიან, ხოლო 31 აგვისტოს სტუმრად პორტუგალიას შეხვდებიან – ორივე შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ალექსანდრე მერკვილაძე (2 ქულა), მარკიზ რიდი (5 ქულა), რატი ანდრონიკაშვილი (12 ქულა), სანდრო მამუკელაშვილი (20 ქულა, 6 მოხსნა, 6 პასი), დუდა სანაძე (11 ქულა), გიორგი ტურძილაძე (4 ქულა, 3 მოხსნა), გიორგი კორსანტია (2 მოხსნა), ალექსანდრე ფევაძე (3 ქულა), თორნიკე შენგელია (17 ქულა, 9 მოხსნა, 5 პასი), გოგა ბითაძე (22 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი), გიორგი ოჩხიკიძე (5 ქულა).




