ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა გუნდებმა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური ტურნირის ბოლო შეხვედრები გამართეს.

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ლიეტუვაში თამაშობდა და საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური ტურნირიდან პლეი-ოფში გადასვლის შანსს მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში ინარჩუნებდა.

დაძაბული შეხვედრის 88 წუთი ისე მიიწურა, რომ მეტოქეებმა გოლის გატანა ვერ შეძლეს და ყველაფერი მეკარესთან პირისპირ გასული თეონა ბაქრაძის წაქცევისთვის დანიშნულმა თერთმეტმეტრიანმა გადაწყვიტა.

მაიკო ბებიამ მეკარისგან მარცხენა ცხრიანში ზუსტი დარტყმით საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მოუტანა.

საბოლოოდ საქართველომ თავის ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა,  C დივიზიონის ხუთ მეორეადგილოსანს შორის კი მესამე საუკეთესო შედეგი აჩვენა და ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებისთვის ორრაუნდიან პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა.





საქართველოს მეტოქე ორრაუნდიან პლეი-ოფში A დივიზიონში მესამე-მეოთხე ადგილებზე გასულ ნორვეგიის, ფინეთის, ბელგიის, ჩეხეთის, შვედეთის ირლანდიის, ავსტრიის ან პოლონეთის ნაკრები იქნება.

პლეი-ოფის პირველ რაუნდში გამარჯვების შემთხვევაში საქართველო სხვა 13 გუნდთან ერთად პლეი-ოფის მეორე რაუნდში გადავა და ერთ-ერთ მათგანს დაუწყვილდება. მასთან მოგების შემთხვევაში შვიდ სხვა გუნდთან ერთად საგზურის უკვე მფლობელ რვა ნაკრებთან (იტალია, ნიდერლანდები, ესპანეთი, დანია, საფრანგეთი, ინგლისი, გერმანია, ისლანდია) და მასპინძლებთან, შვეიცარიელებთან ერთად ითამაშებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე