საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ზედიზედ მეორედ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე. გადამწყვეტი აღმოჩნდა მეხუთე ტურის საშინაო მატჩი საბერძნეთთან, რომელიც ქართველებმა 29:26 მოიგეს.

ამ გუნდების პირველი მატჩი საბერძნეთში მასპინძელთა მინიმალური გამარჯვებით, 27:26 დასრულდა. საქართველოს ნაკრებს ჯგუფში მეორე ადგილის დასაკავებლად და საბერძნეთის გადასასწრებლად მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა. ევროპის ჩემპიონატზე კი ჯგუფის საუკეთესო ორი გუნდი გადიოდა.

ისევე, როგორც პირველი შეხვედრა, ეს მატჩიც თავიდან ბოლომდე თანაბარი გამოდგა. პირველ ტაიმში მეტად არასასიამოვნო ამბავი მოხდა – ტრავმა მიიღო თეიმურაზ ორჯონიკიძემ, რომელმაც მატჩის გაგრძელება ვერ მოახერხა. მისი მოედნიდან გასვლა დიდი დანაკლისი იყო საქართველოს ნაკრებისთვის.

მასპინძლები პირველ ტაიმში 14:16 დამარცხდნენ. გადამწყვეტი ბოლო წუთები გამოდგა, როცა მეტი სიზუსტით ჩვენმა გუნდმა ითამაშა და საბოლოოდ 29:26 გაიმარჯვა.

ამ მოგებით ტიტე კალანდაძის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩს საქართველოს ნაკრები 11 მაისს ისლანდიაში გამართავს.

ევროპის ჩემპიონატი კი 15 იანვარს დაიწყება. მას შვედეთი, დანია და ნორვეგია უმასპინძლებს.