საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევრო 2026-ისთვის მზადებას განაგრძობს.

ავთანდილ ასათიანის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ესტონეთის გუნდთან ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქე 5:0 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებიდან გოლები გიორგი ღავთაძემ, არჩილ სებისკვერაძემ, გიორგი ჩიმაკაძემ, საბა ტყეშელაშვილმა და ლევან სვანიძემ გაიტანეს.

საქართველოს ნაკრები ესტონეთის ნაკრებთან კიდევ ერთ მატჩს 10 ნოემბერს გამართავს – შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 17:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.

ევროპის ჩემპიონატი ფუტსალში 2026 წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები საფრანგეთი, ხორვატია და ჯგუფის მასპინძელი ლატვია იქნებიან.