საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთის ნაკრებს „ავჭალის“ სტადიონზე უმასპინძლა, 53:30 დაამარცხა და 15 მარტს ფინალში ითამაშებს.

საქართველო – რუმინეთი 53:30

საქართველო

ლელო: მეტრეველი, ტაბუცაძე, საღინაძე, ჯალაღონია, მატკავა, შიოშვილი, კახოიძე, საჯარიმო ლელო

გარდასახვა: აბჟანდაძე (4)

ჯარიმა: აბჟანდაძე

რუმინეთი

ლელო: ბობოკი (2), სტრატილა

გარდასახვა: კონაჩე, უილიამსი, პლაი.

ჯარიმა: კონაჩე (3)

რუმინეთის ნაკრებმა მატჩის დასაწყისში ანგარიში საჯარიმო დარტმით გახსნა, რასაც საქართველოს ნაკრებმაც ასევე ზუსტი ჯარიმით უპასუხა. ტაიმის ბოლომდე სტუმრებმა კიდევ ორჯერ შეძლეს ჯარიმებით ქულების მოპოვება, რასაც „ბორჯღალოსნებმა“ მეტრეველისა და ტაბუცაძის ლელოებით უპასუხეს (აბჟანადაძემ ერთი ლელო გარდასახა) და პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა 15:9 მოიგო.

მეორე ტაიმი „ბორჯღალოსნების“ უპირატესობით წარიმართა, ქართველმა მორაგბეებმა ექვსი ლელო დადეს (მათ შორის ერთი საჯარიმო). აღსანიშნავია, რომ ერთი ლელო მიხეილ შიოშვილმა მიითვალა, რომელმაც „ბორჯღალოსნების“ შემადგენლობაში დებიუტი ლელოთი აღნიშნა.

საბოლოოდ, ქართველმა მორაგბეებმა 53:30 მოიგეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებენ, ამას გარდა, საქართველოს ნაკრებმა მეოცედ მოიპოვა ანთიმოზ ივერიელის თასი, რომელიც საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის 2002 წლიდან თამაშდება.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა  15 მარტს ლეგანესში, „ესტადიო ონტიმ ბუტარკეზე“ გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები ესპანეთსა და პორტუგალიის ნაკრებების მატჩში გამარჯვებულს შეხვდება.