ქუთაისის „ტორპედო“ ეროვნული ლიგის შეხვედრაზე მოქმედ ჩემპიონ „იბერიასთან“ პარამკლავჭიდელ ვახტანგ ახობაძეს საზეიმო დახვედრას მოუწყობს, — ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.

„ჩემპიონს რომ ერთად მივულოცოთ და მადლობა ვუთხრათ, რას იტყვით? GRAND BELLAGIO NOMAD CUP-ის გამარჯვებულს ხვალ „შენგელია არენაზე“ ვუმასპინძლებთ. ვახტანგ ახობაძესთან ერთად მატჩს ასევე ქართველი ჩემპიონები – გიგა ბერაძე და ავთანდილ თუთბერიძე დაესწრებიან. შენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია — მოდი სტადიონზე“, — წერია „ტორპედოს“ მიერ გავრცელებულ ცნობაში.

ახობაძე 60 კგ წონით კატეგორიაში ყირგიზ ბეკბოსუნ ტოკტოსუნს ბათუმში მატჩრევანშში დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა. ქართველი ყირგიზ სპორტსმენს პირველად გასულ ზაფხულს, მსოფლიო ჩემპიონატზე შეხვდა და ის დაპირისპირებაც მოიგო. შეგახსენებთ, რომ ვახტანგ ახობაძე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია — პირველად ტიტული 2015 წელს მოიპოვა, ხოლო მეორედ — 2024 წელს.

ეროვნული ლიგის მე-11 ტურში ქუთაისის „ტორპედო“ თბილისის „იბერიას“ 28 აპრილს, 21:00 საათზე უმასპინძლებს.