ლატვიაში მიმდინარე ოლიმპიური საკვალიფიკაციო ტურნირზე საქართველომ მეორე შეხვედრა გამართა.

ქართველ კალათბურთელთა მეტოქე ჯგუფის მეორე შეხვედრაში ფილიპინების ნაკრები იყო. 

ჯგუფში მეორე ადგილის დასაკავებლად და ოლიმპიური საგზურისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად საქართველოს არანაკლებ 19 ქულით გამარჯვება ესაჭიროებოდა და შეხვედრის პირველი ნახევარში მიზანი არცთუ ისე მიუღწეველი ჩანდა. ქართველი კალათბურთელები ერთ მომენტში 20 ქულითაც კი დაწინაურდნენ, ტაიმი კი 12 ქულით მოიგეს.

შეხვედრის მესამე პერიოდში ფილიპინელებმა სხვაობა ნულამდე დაიყვანეს, მეოთხე პერიოდი კი საქართველომ მხოლოდ ორი ქულით მოიგო და საგზურისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

საქართველო - ფილიპინები 96:94 (28:17, 27:26, 19:31, 22:20)