კატალონიის "ბარსელონას" ბრაზილიელმა ვარსკვლავმა, beIN SPORTS ESPANA-სთან საუბრისას განაცხადა, რომ მას არ უყვარს ფეხბურთის ყურება.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა ბრაზილიელი "ბარსას" კონკურენტის, მადრიდის "რეალის" თამაშს, აღნიშნა, რომ მას არ უყვარს ფეხბურთის ყურება, შესაბამისად, იგი ვერ შეაფასებს იმას, რაც არ აქვს ნანახი.

"არ ვუყურებ ბევრ თამაშს, სადაც "ბარსა" არ თამაშობს, შესაბამისად არც მადრიდის "რეალის" თამაშებს ვუყურებ ხშირად. ხანდახან, როდესაც ჩემი მეგობრები უყურებენ, მეც მათთან ერთად ვუყურებ, მაგრამ არა ყველა თამაშს. ვერ ვიტყვი ჩემს მოსაზრებას, რადგან "რეალის" თამაშები არ მაქვს ნანახი. ზოგადად ფეხბურთის ყურება არ მიყვარს, არამხოლოდ მადრიდის", - განაცხადა ნეიმარმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ "სამეფო კლუბი" დიდი გუნდია, ბევრი კვალიფიციური ფეხბურთელით.

"მადრიდი დიდი გუნდია. მათ ჰყავთ ბევრი კვალიფიციური ფეხბრთელი. ისინი ყოველთვის საუკეთესოთა შორის იბრძვიან. ჩვენ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ. არ უნდა ვუყუროთ იმას, თუ რას აკეთებს "რეალი", ჩვენს თავზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია", - განაცხადა ბრაზილიელმა.

ნეიმარმა ასევე ისაუბრა სამხრეთ ამერიკული ტრიოს(მესი, სუარესი, ნეიმარი) შესახებ. მან აღნიშნა, რომ მათ კარგი ურთიერთობა აქვთ სტადიონზე და მის მიღმა.

"იმედი მაქვს, მე მესი და სუარესი დიდი ხნის განმავლობაში კარგ ფორმაში ვითამაშებთ ერთად. არ ვიცი ვართ თუ არა საუკეთესო ტრიო, მაგრამ ჩვენ კარგად გამოგვდის საქმე. ჩვენ მეგობრები ვართ მოედანზე და მის მიღმა, ეს კი ძალიან გვეხმარება.

მე ვიცოდი ჩემს გადმოსვლამდე როგორ თამაშობდა „ბარსელონა“ და ძალიან მომწონდა მათი სტილი, მოთამაშეები. ლეო საუკეთესოა, მე კი მის თამაშს მოვერგე. ლეო ყველაზე მეტჯერ იღებს ბურთს, ვიდრე დანარჩენები, ამიტომ მე სა სუარესმა უნდა გავაკეთოთ ისე, რომ მეტი საგოლე მომენტი შევქმნათ", - განაცხადა ნეიმარმა.

ნეიმარი ამჟამად 9 გატანილი გოლით ლა ლიგის ბომბარდირია. მას მესისთან და რონალდოსთან ერთად ოქროს ბურთის 2015 წლის დაჯილდოვებაზე სამეულში მოხვედრას უწინასწარმეტყველებენ.

თუმცა ბრაზილიელმა beIN SPORTS ESPANA-სთან საუბრისას განაცხადა, რომ მისთვის ინდივიდუალურ მიღწევებზე მნიშვნელოვანი გუნდური ტიტულებია.

"მე ჩემი საქმის კეთებას ვაგრძელებ. ვთამაშობ ჩემს სტილში და ვეხმარები ჩემს თანაგუნდელებს. ჩემთვის გუნდური ჯილდოების მოგება ყველაზე მნიშვნელოვანია. ოქროს ბურთისთვის ყოველთვის ლეო და კრიშტიანო იბრძვიან. ისინი არიან სხვა სამყაროდან, ეს მე სულაც არ მაწუხებს. მე მსურს დავეხმარო ჩემს თანაგუნდელებს, გოლებით, საგოლე გადაცემებით, ყველაფრით. არ მადარდებს ბომბარდირობა. ჩემთვის მთავარია ბედნიერი ვიყო მოედანზე და "ბარსელონამ" მოიგოს", - აღნიშნა ბრაზილიელმა ფორვარდმა.