რამდენიმე წუთის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოვიდნენ მსოფლიო ჩემპიონები ჭადრაკში.

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებს აეროპორტში გულშემატკივრებთან ერთად ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი დახვდა და რაინდის ჯილდოები გადასცა.

ქართველმა მოჭადრაკეებმა, ტურნირის განმავლობაში, მხოლოდ ერთი ტური დაასრულეს ფრედ, რუსეთის ნაკრებთან. დანარჩენ 8 შეხვედრაში, ჩვენმა მოჭადრაკეებმა გამარჯვება მოიპოვეს და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვეს. გადამწყვეტ შეხვედრაში ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ჩინეთის გუნდი ანგარიშით 2,5:1,5 დაამარცხა.

ჩინეთის ნაკრებთან შეხვედრაში ბელა ხოტენაშვილმა, ნინო ბაციაშვილმა და სალომე მელიამ თავიანთი პარტიები ყაიმით დაასრულეს, 19 წლის მერი არაბიძემ კი შენ იანგს სძლია და ჩვენს გუნდს მოაგებინა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი და მწვრთნელი კი დავით ჯოჯუა და ელიზბარ უბილავა არიან.