სპორტული ჟურნალისტი ლევან ყუფარაძე ტატო გრიგალაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და იხსენებს, რა ხდებოდა ბაქოში, როდესაც გადაწყდა, რომ ფინალში ტატო და აზერბაიჯანელი შეხვდებოდნენ:

"ეს ფაქტი ყველამ უნდა იცოდეს, რადგან ტელევიზორში ხშირად არ ჩანს ის, რაც რეალურად ადგილზე ხდება.

აზერბაიჯანში ძიუდო ძალიან უყვართ, დარბაზიც მაგრად გულშემატკივრობს საკუთარ სპორტსმენებს. ძიუდო ზოგადად ისეთი სპორტია, სადაც მასპინძელი ქვეყანაა, გინდა არ გინდა, ცოტა ეხმარებიან და ისეთ რაღაცებზე ხუჭავენ თვალს, რაზეც სხვა ქვეყანაში არ დახუჭავდნენ და ამის მრავალი მაგალითია.

დღეს ტატოსი იმდენად ეშინოდათ, რომ როცა მათი წარმომადგენელი, ზელიმ ცკაევი გავიდა ფინალში, საკუთარი თვალით ვუყურებდი, როგორ მოჰქონდათ დარბაზის აბსოლუტურად ყველა სექტორთან უფასო ბილეთები და არიგებდნენ ქუჩაში - მიზანი რა თქმა უნდა, დარბაზის გადავსება, სრული მხარდაჭერა და ტატოსთვის უდიდესი წნეხის შექმნა იყო.

ფინალს ვინც უყურეთ, ალბათ შეამჩნევდით: ტატოს 100%-იანი გდება გაუუქმეს, აზერბაიჯანელის პასიურობაზე ათჯერ დახუჭეს თვალი და არ აფრთხილებდნენ, რომ არ წაეგო. ადგილობრივი გულშემატკივრებიც ყველაფერს კადრულობდნენ, რომ წყობიდან გამოვეყვანეთ - მიუხედავად ამისა, ცოტა ქართველმა გულშემატკივარმა მთელი დარბაზის ხმა გადავფარეთ და საბოლოოდ ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც ტატო იმსახურებდა.

აბსოლუტურად მთელმა ქვეყანამ ყველაფერი გააკეთა, რომ ტატოს ვერ მოეგო. სწორედ ამიტომ აქვს ათასჯერ უფრო ტკბილი გემო ამ ოქროს მედალს.

დიდი ისტორია დაიწერა - ტატო გრიგალაშვილი გახდა პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელმაც 4-ჯერ შეძლო მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მოგება და საქართველოს ჰიმნის აჟღერება.

ასეთი სპორტსმენები ბევრად მეტად უნდა ფასდებოდნენ - მადლობა ტატოს ამ დიდებული გამარჯვებისთვისა და ემოციისთვის! 🇬🇪🥇

მე კი მაინც ფაქტისთვის შეგახსენებთ, რომ ტატო ჯერ მხოლოს 26 წლის არის"- წერს ლევან ყუფარაძე.

შეგახსენებთ: 7 ოქტომბერს ბაქოში, ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე, მეოთხე საშეჯიბრებო დღის შეხვედრები დასრულდა.

81 კგ წონითი კატეგორიის ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა, ტატო გრიგალაშვილმა, მასპინძელ ზელიმ ცკაევს სძლია და მეოთხედ გახდა მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედლის მფლობელი.