შვედურ „მიალბისთან“ კონფერენსლიგის ძირითად ეტაპზე „იბერიამ“ ფრედ ითამაშა – 1:1. მატჩის შემდეგ „იბერიას“ მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ პრესკონფერენცია გამართა.

„ვიბრძოლეთ და ამ ერთი ქულით 2028 წლისთვის საქართველოს ევროთასებზე ისევ 4 გუნდით გამოსვლის უფლება დავუბრუნეთ. მადლობა გულშემატკივრებს, ვინც გვერდში გულწრფელად დაგვიდგა. მჭიდრო გრაფიკს ვაბრალებ, რომ გატანილი გოლის შემდეგ ვეღარ შევუტიეთ. ამ დროს შენ ფიქრობ, რომ არ გაუშვა, მეტოქე კი ცდილობს, შემოგიტიოს და გაგიტანოს. თუმცა დაცვაში დახევა არ იყო ჩემი დავალება. „მიალბი“ კარგი გუნდია და მასთან ბოლო წუთებზე პირველ ნომრად ვერ ვითამაშებდით.

ამ ქულით გახარებული არ ვარ. ყოველთვის ვცდილობთ, მეტოქეს ჩვენი თამაში მოვახვიოთ თავს და მოედანზე მოსაგებად ვიბრძვით. შევეცდებით, შემდეგ შეხვედრებშიც წარმატებით ვითამაშოთ. გოლის შემდეგ შეტევაში მეტი აგრესია და მეტი აქტიურობა მინდა. ამას დრო უნდა. ასე უცებ ძნელია, გუნდში ჩემი იდეები განვახორციელო.

დიდი იმედი მაქვს, შემდეგ თამაშებში უკეთესები ვიქნებით. „სენტ-ტრუიდენის“ თამაშზე გულშემატკივარი მოვიდა და მგონია, რომ მეორე გოლში თავისი წვლილი მათაც შეიტანეს. დღეს, 1:0-ზე, მგონია, რომ ეს დაგვაკლდა. ფეხბურთს ხალხი გათამაშებს. წვიმამაც თავისი გავლენა იქონია. ვინც მოვიდა, ყველას მადლობა“.

„იბერია“ კონფერენსლიგის ძირითადი ეტაპის მესამე ტურის შეხვედრას გასვლაზე გამართავს – გუნდი 6 ნოემბერს „პარკენ არენაზე“ „კოპენჰაგენს“ ესტუმრება.