„BBC Sport-თან“ საუბრისას კრისტიანო რონალდოს აგენტმა განაცხადა, რომ თუ მადრიდის „რეალი“ ხვალ მოისურვებს კრისტიანო რონალდოს გაყიდვას, გუნდებს მასში თითქმის 400 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.
პორტუგალიელის აგენტმა, ხორხე მენდესმა განაცხადა, რომ კრისტიანო რონალდო ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია.
„ის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია მსოფლიოში. მას ვერავის შეადარებთ“ - განაცხადა მენდესმა.
წელს რონალდომ, მესამე ოქროს ბურთი მოიგო. მან ხმების რაოდენობით, მსოფლიო ჩემპიონ, გერმანელ მანუელ ნოიერსა და „ბარსელონას“ არგენტინელ ვარსკვლავ, ლიონელ მესის აჯობა.
კითხვაზე, თუ რა ღირს რონალდო, მენდესმა უპასუხა: „ერთი მილიარდი! შეუძლებელია იყიდო ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ის არის. თუ კლუბი რაიმე მიზეზის გამო გადაწყვეტს პორტუგალიელის გაყიდვას ხვალ 400 მილიონ ევროდ, ვინმეს გადახდა მოუწევს“.
მიუხედავად იმისა, რომ რონალდოს ძალიან უყვარს მისი ყოფილი გუნდი „მანჩესტერ იუნაიტედი“, მენდესი ამტკიცებს, რომ პორტუგალიელი ვარსკვლავი მადრიდის „რეალს“ არ დატოვებს.