კახა დარახველიძე - უბრალოდ, კარგი მწვრთნელი

ქუთაისი ოჯახია. სადაც ყველას აქვს თავისი როლი, პასუხისმგებლობა. წარმატება ერთმანეთის გვერდში დგომით მოდის. და, ამ წარმატებაზე (ისევე, როგორც - წარუმატებლობაზე) პასუხს ყველა აგებს.

ამ ოჯახის წევრია კახა დარახველიძეც.

მთავარი მწვრთნელის, კოტე ტუღუშის ასისტენტი, მეგობარი, გვერდში მდგომი.

და, უბრალოდ, კარგი მწვრთნელი.

კოტე ტუღუში: კახა უზომოდ არის შეყვარებული კალათბურთზე. შეიძლება ითქვას, ის კალათბურთით ცხოვრობს. ბევრს მუშაობს საკუთარ თავზე, ცდილობს განვითარებას და ყოველთვის გისმენს. იღებს რჩევებს და მზად არის თავის მხრივ, გასცეს რჩევა, გვერდში დაგიდგეს. ამასთან ერთად, ის შეყვარებულია ქუთაისზე და მაქსიმალურად ცდილობს, რომ გუნდი, რომელიც ამ ქალაქს წარმოადგენს, სამაგალითო იყოს.

* * * * *

დარახველიძე მოთამაშეების მწვრთნელია. უშუალო, მეგობრული ურთიერთობა ყველასთან. განურჩევლად, ამ მოთამაშის სტატუსის (დამწყები, ვეტერანი).

კოტე ტუღუში: კახას დიდი პოტენციალი აქვს. ძალიან მშრომელია და მჯერა, რომ ბევრს მიაღწევს. შრომა ყოველთვის ფასდება.

კახა ინდივიდუალურად ავარჯიშებს პატარებს. ცდილობს, რომ დამწყები მოთამაშე ახალ დონეზე უკეთ მომზადებული გადავიდეს.

აკაკი დვალიშვილი: მასთან მუშაობა ადვილია. პირველ რიგში იმიტომ, რომ კახასგან ძალიან დიდი პოზიტივი მოდის. და, მე არ ვგულისხმობ მხოლოდ იუმორს. ის ნაკითხი ადამიანია და უიოლდება მოთამაშესთან, პრინციპში, ყველასთან ურთიერთობა. კახას ბოლომდე ენდობა კოტე და ისინი საკმაოდ კარგ წყვილს ქმნიან, ავსებენ ერთმანეთს. ალბათ, კოტესთვისაც სასიამოვნოა დარახველიძესთან მუშაობა. და, რაც მთავარია, ამ მუშაობას აქვს შედეგი.

* * ქუთაისმა სეზონი კარგად დაიწყო, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. წინ ბევრი ბრძოლა იქნება მოსაგები.

მიხეილ ბერიშვილი: კახასთან ერთად წელს პირველად ვმუშაობ. მხოლოდ საუკეთესოდ შემიძლია დავახასიათო ეს ადამიანი. ამასთან ერთად, მას ენდობიან გუნდში და ჩემი აზრით, ეს მთავარია. როდესაც ჩვენმა მთავარმა მწვრთნელმა ახალგაზრდები საერთაშორისო ტურნირზე წაიყვანა, ვარჯიშებს კახა ატარებდა, თამაშზე გუნდი კახამ გაიყვანა. გუნდი მას გვერდში დაუდგა, მოსაგები მოვიგეთ და ეს კახას დიდი დამსახურება იყო. მასთან მუშაობა სასიამოვნოა. კოტეს ძალიან კარგი ასისტენტი ჰყავს.

და, ეს ასისტენტი აუცილებლად მოუმატებს. ქალაქის და გუნდის ღირსების დასაცავად.