კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში სამბოს ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. საქართველოს სამბოს ეროვნულმა ნაკრებმა სენიორებს შორის ევროპის ჩემპიონატზე 13 მედალი პირველად მოიპოვა.
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მოპოვებული მედლებიდან ორია ოქროს, ოთხი - ვერცხლისა და შვიდი - ბრინჯაოსი.
ევროპის ჩემპიონობა ნინო ოძელაშვილმა (72 კგ) და ავთო მუკბანიანმა (64 კგ) იზეიმეს; ვიცე-ჩემპიონები ვახტანგ ჩიდრაშვილი (58 კგ), რაულ თუთარაული (71 კგ), გიორგი ეგნატაშვილი (88 კგ) და ირაკლი ტალახაძე (64 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედლებს კი ომარ ნიაზაშვილი (79 კგ), ელენე ქებაძე (+80 კგ), მიშიკო ნოზაძე (98 კგ), გიგა სოფრომაძე (58 კგ), ჯაბა თურქია (71 კგ), უშანგი მარგიანი (88 კგ) და გიორგი ჩაგელიშვილი (+98 კგ) დაეუფლნენ.
საქართველოს სამბოს ეროვნული ნაკრები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდა.