ტირანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 61-74-86-92-125 კგ წონითი კატეგორიების სპორტსმენები ჩაებნენ ასპარეზობაში.
საჭიდაო ხალიჩებზე გამოსული ხუთი ქართველი მოჭიდავიდან ორი ნახევარფინალშია და ოქროს მედლისთვის აგრძელებს ასპარეზობას, ერთმა კი, შესაძლოა, ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი მიიღოს.
ნახევარფინალში გავიდა და ფინალში გასვლისთვის აზერბაიჯანელ ტურან ბაირამოვთან იჭიდავებს გიორგი ელბაქიძე, რომელმაც 1/4 ფინალში უკრაინელი იჰორ ნიკიფორუკი 8:4 დაამარცხა.
ფინალში გასასვლელად ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით მოასპარეზე რუს იბრაგიმ კადიევს შეხვდება ვლადიმერ გამყრელიძე. მან 1/8-ფინალში ფრანგი რახიმ მაგამადოვი 9:1 დაამარცხა, 1/4-ფინალში კი გერმანელ იოზუა ფილიპ დევიდ მოროდიონს 7:3 სძლია.
92 კგ წონაში მირიან მაისურაძე 0:5 დამარცხდა აზერბაიჯანელ ალი ცოკაევთან და რეპეშაჟში აზერბაიჯანელის ფინალში გასვლის შემთხვევაში იჭიდავებს.
61 კგ წონაში მოლდაველ ლეონიდ კოლესნიკთან 2:12 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა გიორგი ღონიაშვილი.
მისი ბედი გაიზიარა 125 კგ წონის მოჭიდავე სოლომონ მანაშვილმა. მან საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით მოასპარეზე რუს შამილ მუსაევთან 3:8 წააგო.
გუშინდელი ასპარეზობის შემდეგ რეპეშაჟში გადასული სამი ქართველი მოჭიდავიდან ბრინჯაოს მოპოვების შანსი მხოლოდ აკაკი ქემერტელიძემ (70კგ) შეინარჩუნა. მან ბელარუსი გეორგი კოლიევი 4:0 დაამარცხა და ბრინჯაოს ფინალში უკრაინელ ოლექსი ბორუტასთან იჭიდავებს.
65 კგ წონის რეპეშაჟში 6:6-ზე თურქ აჰმეტ დურანთან დამარცხდა ნიკა ზაქაშვილი, ხოლო 79 კგ წონის რეპეშაჟში ტარიელ გაფრინდაშვილმა მაკედონიელ რასულ შაპიევთან 1:10 წააგო.
გუშინვე ცნობილი იყო, რომ ნახევარფინალში დამარცხებულ რობერტ დინგაშვილს (57კგ) დღეს ბრინჯაოს მედლისთვის ჭიდაობა ბელარუს არიან ტიუტრინთან მოუწევდა, დღეს კი გაირკვა, რომ ასევე ნახევარფინალში დამარცხებულ გივი მაჭარაშვილს (97კგ) ბრინჯაოს მედალს უნგრელი რიჩარდ ვეგი შეეცილება.




