დღეს, ბაქოში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები პარიზის ოლიმპიური თამაშების ბოლოსწინა სალიცენზიო ტურნირზე 12 საგზურის მოსაპოვებლად ჩაებმებიან ბრძოლაში.

საქართველოს თავისუფალი სტილით ჭიდაობის ფედერაციას ლიცენზიები უკვე აქვს მოპოვებული 97 და 125 კგ წონით კატეგორიებში და ამჯერად ქართველი მოჭიდავეები 57-65-74-86 კგ წონებში შეეცდებიან ქვეყნისთვის საგზურების მოპოვებას.

57კგ წონაში საქართველოდან რობერტ დინგაშვილი იასპარეზებს. პირველ ნომრად განთესილი ქართველი მოჭიდავე პირველ წრეში თავისუფალია, მეორეში კი ჩრდილოეთ მაკედონიელ ვლადიმირ ეგოროვს და ფრანგ ილმან მუხტაროვს შორის გამარჯვებულს შეხვდება. გამარჯვების შემთხვევაში რობერტ დინგაშვილი ნახევარფინალში გავა და იქ ლიცენზიისთვის სულეიმან ატლის (თურქეთი), ლევან მეტრეველს (ესპანეთი), სიმონე ვინჩენცი პიროდუს (იტალია) და ალიაბას რზაზადეს (აზერბაიჯანი) შორის გამარჯვებულს შეხვდება.


65 კგ წონაში გოდერძი ძებისაშვილი პირველ შეხვედრას მეოთხე ნომრად შვეიცარიელ ნინო ლოიტერთან ჩაატარებს. ბადეში მის მხარეს არიან ანდრე კლარკი (გერმანია), ერიკ არუშანიანი (უკრაინა), სტეფან კომანი (რუმინეთი), მიკიაი სალიმ ნაიმი (ბულგარეთი და პირველ ნომრად განთესილი მაქსიმ საკულტანი (მოლდოვა).

74 კგ წონაში საქართველოსთვის ლიცენზიის მოპოვებას გიორგი ელბაქიძე შეეცდება. საკვალიფიკაციო წრეში მისი მეტოქე მალიკ მაიკლ ამინი (სან-მარინო) იქნება, გამარკვების შემთხვევაში კი 1/8 ფინალში მეოთხე ნომრად განთესილ მურად კურამაგომედოვს (უნგრეთი) შეხვდება. ბადეში მასთან ერთად არის პირველ ნომრად განთესილი ტურან ბაირამოვი (აზერბაიჯანი).

86 კგ წონაში ვლადიმერ გამყრელიძე იასპარეზებს. იგი მერვედფინალში პირველ ნომრად განესილ გოჩენთან (თურქეთი) იჭიდავებს.