ეტყობა, შალიკოს ფიქრები და ფანტაზიები ძალიან შორს მიდის. ალბათ, ეს ფანტაზიები უფრო სხვა განწყობაზეა, თუ რაღაცის ზემოქმედების ქვეშაა, შეიძლება მაშინ უფრო მოსდის, - ასე გამოეხმაურა კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებას, რომ „ერთ-ერთი რუსული სამეცნიერო ჟურნალის რედაქტორს, რომელსაც პუტინი აჯილდოებს, ამავე ჟურნალის რედკოლეგიის წევრი ზურაბ ჩხაიძე იყო.“
„ეტყობა, შალიკოს ფიქრები და ფანტაზიები ძალიან შორს მიდის. ალბათ, ეს ფანტაზიები უფრო სხვა განწყობაზეა, თუ რაღაცის ზემოქმედების ქვეშაა, შეიძლება მაშინ უფრო მოსდის. ჟურნალი არის სომხეთის სამეცნიერო კვლევითი ჟურნალი, მაგრამ შალვა ხაჭაპურიძისგან სამეცნიერო ჟურნალი ძალიან შორს არის, ამაზეა ზუსტად თქმული ქართული ანდაზა: „ვირმა რა იცის ხურმა რა ხილიაო!“, - განაცხადა ჩხაიძემ.
ჩხაიძე ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა გუშინ მათ მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებას და აღნიშნა, რომ კლინიკა „ვივამედის“ პერსონალს პაციენტისთვის არაფერი დაუბრალებია.
„არაფერი პაციენტისთვის არ დაგვიბრალებია, ჩვენ ერთგული ვართ ჰიპოკრატეს ფიცის და ალბათ, არის რაღაცები, რომელიც საჯაროდ არ ითქმებოდა“, - განმარტა ჩხაიძემ.