თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე თბილისის მერის, კახა კალაძის, მიერ მთავრობის სხდომაზე „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების“ პროგრამასთან დაკავშირებულ კომენტარს გამოეხმაურა.
მისი თქმით, 2025 წელს თბილისის მერია საქართველოს კურორტებზე დასასვენებლად შშმ ბავშვებისა და მოზარდებისთვის 3171 ვაუჩერს გასცემს.
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების პროგრამის ფარგლებში, შშმ პირებისთვის საქართველოს კურორტებზე სასტუმროს ხარჯი ვაუჩერების მეშვეობით ფინანსდება. წლიდან წლამდე იზრდება საკურორტო ვაუჩერის რაოდენობა და შესაბამისად - პროგრამის ბიუჯეტი.
დღეისათვის ვაუჩერით მოსარგებლე დასასვენებელ ადგილს და სასტუმროს თავად ირჩევს. ვაუჩერით სარგებლობა პირველი მაისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი და მის მფლობელს სასურველი დროის შერჩევა შეუძლია. ამ პროგრამის არსებობა შშმ ბავშვებისა და მოზარდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა
ზურაბ ჩიკვილაძემ.