„ძალიან გაკვირვებული არიან ჩვენი ოპონენტები, როდესაც მათი მმართველობის დროს რუსეთისთვის გადაცემულ ობიექტებზე ვსაუბრობთ“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე და პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ რუსეთისთვის გადაცემული ობიექტები ჩამოთვალა.
"ჩამონათვალი იმდენად დიდია, არ მინდა რომელიმე გამომრჩეს: რიონჰესი - რუსული კომპანია „ენერჯი ინვესტი“; გუმათი 1, გუმათი 2, ლაჯანურჰესი, შაორჰესი, ვარციხე 1, ვარციხე 2, ვარციხე 3, ვარციხე 4 - რუსული კომპანია „ენერგო პრო“; ენგურჰესი, ჟინვალჰესი, ხრამი 1, ხრამი 2, ხრამი 3, ხრამი 4, ხრამი 5 - რუსული კომპანია „რაოესი“; გარდაბნის მე-9 ენერგობლოკი, გარდაბნის მე-10 ენერგობლოკი, მაღალი ძაბვის გადამცემი 500-კილოვატიანი ხაზები - რუსული კომპანია „ინტერ რაო“;. „მადნეული“, „კვარციტი“, „აზოტი“, ზესტაფონის „ფერო“ - რუსული კომპანია „პრომიშლენ ინვესტი“; საბორნე გადაზიდვები ფოთიდან და ბათუმიდან - „რუსეთის რკინიგზა“; „გაერთიანებული ქართული ბანკი“ - რუსული კომპანია „ვითიბი“; ელმავალმშენებელი ქარხანა - რუსული კომპანია „დემა კომპიუტერი“; არამიანცის, თბილისის #1 საავადმყოფო - რუსული კომპანია „ბატუსი“; თბილისის წყალი - რუსული კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ და აღნიშნა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ასევე ხშირად იკვირვებენ იმასაც, რომ მათი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „კაგებე“-ს ჯარებში მსახურობდა.
„რუსეთისთვის გადაცემული ობიექტების სია უსასრულოა. ყოველივე ამის დამადასტურებელი უამრავი მასალა არსებობს და ამ ყველაფრის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა მხრიდან კომენტარების კეთება, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.