1 ნოემბრიდან საქართველოს ბიომეტრიული პასპორტის დაკარგვის შემთხვევაში, პირებმა პოლიციას უნდა მიმართონ

1571905602
ვიზელიბერაციის შესანარჩუბელად, 1 ნოემბრიდან საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის დაკარგვის შემთხვევაში, პოლიციას უნდა მიმართოთ,- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
"ჩვენ გვაქვს უმნიშვნელოვანესი სიახლე ჩვენი მოქალაქეებისთვის, რაც თითოეულმა უნდა იცოდეს.
2019 წლის 1 ნოემბრიდან ახალი წესი შევა ძალაში, როდესაც დავკარგავთ ან მოგვპარავენ საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს, საკმარისი არ იქნება ამის შესახებ იუსტიციის სახლში, ან ჩვენ სხვა ტერიტორიულ სამსახურებში უბრალო განცხადება იმის შესახებ, რომ პასპორტი დავკარგეთ ან მოგვპარეს. აუცილებელი იქნება ბიომეტრიული პასპორტის ჩანაცვლებამდე, მოქალაქემ მოიტანოს დასტური იმისა, რომ ამის შესახებ განაცხადა პოლიციაში. ეს შეეხება არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ჩვენ მოქალქეებს, არამედ ყველა ჩვენს მოქალაქეს, ვინც უცხოეთში იმყოფება, იმ ქვეყნის დადგენილი წესით, რომელ ქვეყანაშიც იმყოფება, ჯერ უნდა მივიდეს შესაბამის ორგანოში, ეს იქნება პოლიცია თუ სხვა, განაცხადონ, რომ საქართველოს მოქალაქის პასპორტი დაკარგეს, ან მოპარეს და იქიდან წამოღებული ცნობით მივიდნენ საკონსულოში. მხოლოდ ამ ცნობით შეიძლება დაკარგული ან მოპარული პასპორტის ჩანაცვლება.
ამ ცვლილების მიზანია, ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნება, რადგან ბევრ ევროპულ ქვეყანაში ხდება ისე, რომ ჩვენი მოქალაქეების ნაწილი, აცხადებს, რომ დაკარგა ან მოპარეს პასპორტი. სინამდვილეში, ეს ასე არ არის და ჩვენ გავცემთ ახალ პასპორტს. რეალურად, მოქალაქე ინარჩუნებს ორ სამგზავრო დოკუმენტს, რაც მოცემული ევროპული ქვეყნებისთვის და მათი სამართალდამცველი ორგანოებისთვის არის უდიდესი პრობლემა.
მინდა გთხოვოთ მედიას, მაქსიმალური საჯაროობა მისცეთ ამ ამბავს იმისთვის, რომ 1 ნოემბრიდან, როგორც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს მიღმა ჩვენა მოქალაქეებმა იცოდნენ ამ სიახლის შესახებ," - განაცხადა თეა წულუკიანმა.