"სამწუხაროდ დაფიქსირდა შემთხვევა, ადამიანი რომელიც თავს ცხოველთამოყვარულს ეძახის, იცოდა რომ ლეიშმანიოზიანი ძაღლი იყო ქუჩაში. ახმეტელის მეტროსთან იყო ეს შემთხვევა, სადაც ერთ-ერთი ეპიცენტრია ამ დაავადების გავრცელების. არავინ იცის რამდენი ადამიანის ინფიცირება მოხდა ამის გამო და რამდენად მძიმე დასასრული გამოიწვია ამ ყველაფერმა", - ამის შესახებ "აიპრესთან" ინტერვიუში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი ვახტანგ ლომჯარია აცხადებს.
"სამწუხაროდ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ცხოველები უყვარს, ჭირიან ცხოველებს მკურნალობენ ქუჩაში. ეს არის სრული უპასუხისმგებლობა. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რაღაცას რომ ხელს ვკიდებთ, ამის კეთება ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს. ისე უნდა ვქნათ, რომ სხვა ცხოველებიც არ დავაზარალოთ. ასევე ანალოგიურია ლეიშმანიოზზეც. ლეიშმანიოზი არის სერიოზული დაავადება, რომელიც ადამიანზეც გადადის და თუ ჩვენ ლეიშმანიოზიან ცხოველებს გავუშვებთ ქუჩაში და ამ დაავადების პრევენციას არ გავაკეთებთ, მივიღებთ ძალიან ცუდ სურათს. ისედაც ძალიან გაზრდილია ლეიშმანიოზის შემთხვევები საქართველოში და შემთხვევების ნახევარზე მეტი მოდის თბილისში. როცა ადამიანმა იცის ლეიშმანიოზიანი ძაღლის არსებობის შესახებ და მალავს, ეს არის დანაშაული ადამიანებისა და ცხოველების წინაშე. ეპიცენტრი არის ვაკე-საბურთალო, ჩუღურეთი და გლდანი. სამწუხაროდ დაფიქსირდა შემთხვევა, ადამიანი რომელიც თავს ცხოველთამოყვარულს ეძახის, იცოდა რომ ლეიშმანიოზიანი ძაღლი იყო ქუჩაში. ახმეტელის მეტროსთან იყო ეს შემთხვევა, სადაც ერთ-ერთი ეპიცენტრია ამ დაავადების გავრცელების. არავინ იცის რამდენი ადამიანის ინფიცირება მოხდა ამის გამო და რამდენად მძიმე დასასრული გამოიწვია ამ ყველაფერმა." როდის გამოვლინდა ეს ფაქტი? "ეს დაახლოებით ორი თვის წინ გამოვლინდა. ცხოველის სიყვარული მარტო იმას კი არ ნიშნავს, რომ ერთის გადარჩენის მცდელობას შევწიროთ ათობით და ასობით ჯანმრთელი ცხოველი ან ადამიანი. სიყვარული ნიშნავს, იმას რომ სამწუხაროდ ხანდახან გვიწევს ძალიან მძიმე გადაწყვეტილების მიღება, რომელიც არავის არ სიამოვნებს, მაგრამ ამას ისევ სხვების დასაცავად ვაკეთებთ, რასაც კანონი გვავალდებულებს, კანონზე მაღლა არ დგას არაფერი. ჩვენ თუ აქამდე მხოლოდ 48% გადარჩენას ვახერხებდით, რეორგანიზაციის და სამედიცინო პერსონალის გადამზადების შედეგად ეს რიცხვი 70%-მდე გავზარდეთ. ყოველწლიურად მხოლოდ ტრამვირებული 1200 შემთხვევა შემოდის და მათი უმეტსობის გადარჩენა ხერხდება, თუმცა ზოგი ისეთი მძიმე დაზიანებით შემოდის, მისი გადარჩენა შეუძლებელია, ასეთ დროს ყველაზე ჰუმანური აქტია ევთანაზია, რომელიც გათვალისწინებულია ყველა საერთაშორისო ნორმაში და რეკომენდაციაში. სიმამაცე და ცხოველის სიყვარული სწორედ ის არის, რომ შეუმსუბუქო ტანჯვა როცა ვერ ეხმარები."