შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება აღნიშნა. ღონისძიება, სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასთან გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე - შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი - კახა კალაძე, მთავრობის წევრები, დეპუტატები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები დაესწრნენ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა პოლიციელებს სიტყვით მიმართა და მათ პროფესიული დღე მიულოცა. ვახტანგ გომელაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველგან და ყოველთვის იქნება პოლიციელების ღირსების დამცველი.

პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე ვახტანგ გომელაურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები დააჯილდოვა, რომლებმაც მოქალაქეების სიცოცხლე გადაარჩინეს, ასევე, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.

ვახტანგ გომელაურმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული თანამშრომლების ხსოვნას პატივი მიაგო.

„მოგესალმებით ბატონო პოლიციელებო, ოფიცრებო და რიგითებო. გილოცავთ პოლიციელის დღეს! ეს დღე განსაკუთრებით მინდა მივულოცო მათ, ვინც ამ წუთებშიც ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობას, იცავენ ჩვენი ქვეყნის საზღვარს, საზოგადოებრივ წესრიგს, მოქალაქეების უსაფრთხოებას. იმ პოლიციელებს, რომლებიც მართლწესრიგის დაცვის მიზნით, ამ წუთებშიც დაუღალავად მუშაობენ, მეხანძრე-მაშველებს, რომლებიც მოქალაქეების დასახმარებლად, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, შესაძლოა ახლაც იბრძვიან. დღეს, პოლიციელის დღეა. ჩვენთვის, პოლიციელებისთვის ეს ერთგვარი სიამაყისა და მადლიერების დღეა. დღეს, როდესაც კიდევ ერთხელ მაქვს პატივი თქვენთან ერთად ვიზეიმო პოლიციელის დღე, მინდა მოგმართოთ, თითოეულმა თქვენგანმა იცოდეთ, რომ არავის მივცემ უფლებას შელახოს თქვენი ღირსება და პატივი. გწამდეთ, რომ ყველგან და ყოველთვის ვიქნები თქვენი ღირსების დამცველი. მინდა გჯეროდეთ, რომ მე, როგორც მინისტრი, როგორც პოლიციელი და მოქალაქე თქვენს გვერდით ვარ. მინდა ღირსეულად ატარებდეთ პოლიციელის მუნდირს და ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ემსახურებით საქართველოს.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ამაყი ვარ, რომ ქართული პოლიცია დღეს არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებითა და მძლავრი ანალიტიკური სისტემებით, გვაქვს გამართული საკანონმდებლო ბაზა, წარმატებული საერთაშორისო თანამშრომლობა, საჭიროებებსა და მიმდინარე გამოწვევებზე მორგებული სტრატეგიული ხედვები და დოკუმენტები. სამინისტროს აქვს გამართული ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, განახლებული ავტოპარკი და შეიარაღება.

პოლიციელებო, სწორედ თქვენს პროფესიონალიზმსა და მაღალ კვალიფიკაციაზე მეტყველებს დანაშაულის გახსნის მაჩვენებლები, რომლებიც ყოველწლიურად მზარდია და წელს უპრეცედენტო ნიშნულს მიაღწია. აუცილებელია პოლიციელს ჰქონდეს ღირსეული სამუშაო პირობები და სახელმწიფოს მხრიდან მუდმივად უნდა გრძნობდეს მხარდაჭერას და დაფასებას. სიამაყით შემიძლია აღვნიშნო, რომ ქართული პოლიცია დაკომპლექტებულია ღირსეული, პროფესიონალი და თავდადებული თანამშრომლებისგან. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაში თითოეული თქვენგანის როლი უმნიშვნელოვანესია. პოლიციელებო! კიდევ ერთხელ გილოცავთ პოლიციელის დღეს!“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ცნობისთვის, საქართველოში 31 მაისს პოლიციელის დღე აღინიშნება.