უკრაინაში, რუსეთთან ბრძოლაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, სერგო გორნაკაშვილი დაიღუპა.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით,  წარმოშობით ქისტი სერგო გორნაკაშვილი ხარკოვის მიმართულებით დაიღუპა.

"კიდევ ერთი გმირი დაეცა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთ-უკრაინის ომში, დავკარგეთ საკუთარ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული არაჩვეულებრივი ქისტი ახალგაზრდა,სერგო გორნაკაშვილი. სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა, რომელიც წლების უკან სევდიანად დაიარებოდა რუსეთისგან გაცამტვერებულ ქალაქ გროზნოს ქუჩებში, უარი თქვა წარმატებული ფეხბურთელის კარიერაზე, რადგან არ უნდოდა კარიერის შექმნა რუსეთისგან ოკუპირებულ ჩეჩნეთში რუსული დროშის ქვეშ. დაბრუნდა ისე თავის მეორე სამშობლოში და ისევ საკუთარი სამშობლოს სადარაჯოზე დადგა. წავიდა უკრაინის ომში, რათა დაეცვა საკუთარი ქვეყნის ინტერესები. ერთი თვის უკან მოახერხა ჩამოსვლა საქართველოში, მოინახულა ყველა ახლობელი და ისევ დაბრუნდა ომში. ხარკოვში წინა ფრონტზე დაჭრილი მებრძოლების გამოყვანის დროს თვითონაც გაწირა სიცოცხლე." - წერს სოციალურ ქსელში ქისტი მწერლის ხასა ხანგოშვილის ქალიშვილი.

რუსეთმა სამხედრო აგრესია უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. დღემდე საომარ მოქმედებებს 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.