ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილზე, რესტორან „კაკლების“ მიმდებარედ ფერდის გამაგრების სამუშაოები და საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა.

პროექტის ფარგლებში, მოეწყო 900 ანკერი და ფოლადის ბადე, რაც გრუნტის დაცურების საწინააღმდეგო სისტემას წარმოადგენს. ტერიტორიაზე აშენდა 70 გრძივი მეტრი ხიმინჯოვანი რკინაბეტონის კედელი და მოეწყო სადრენაჟე
სისტემაც. 

დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ. 

წყნეთის გზატკეცილზე, რესტორან „კაკლების“ მიმდებარე ტერიტორიაზე გავამაგრეთ ფერდი, რომელიც იყო მეწყერსაშიში, გარკვეულწილად დაძრული იყო და პრობლემას წარმოადგენდა ავტომობილებისთვის. საკმაოდ დატვირთული გზაა, ბევრი ავტომობილი გადაადგილდება დღის განმავლობაში. დავიწყეთ შესაბამისი ღონისძიებების გატარება - გამაგრების სამუშაოები. 900-მდე ანკერი გაკეთდა, ასევე, მოეწყო გრუნტის დამჭერი ბეტონის კედლები, ფერდი შესაბამისი ბადით დაიფარა, რომელიც ბუნებრივად გამწვანდება. დღეს უკვე გადაადგილება სრულიად უსაფრთხოა“, - განაცხადა კახა კალაძემ.


გარდა ამისა, სამუშაოების ფარგლებში, განხორციელდა გზის სავალი ნაწილის სრული რეაბილიტაცია - დაიგო ასფალტის საფარი და დაიხაზა საგზაო მონიშვნები.


პროექტი თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა. სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 800 000ლარით დაფინანსდა.


თბილისის მერთან ერთად, ადგილზე ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ლევან ყიფიანი, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი გიორგი პაპავა და პარლამენტის დელეგატი ზურაბ რურუა იმყოფებოდნენ.