ძალადობრივ კადრებს როდესაც ვხედავ, გული მტკივა და თავისთავად თანავუგრძნობ მათ, – ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, ცოტნე ივანიშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„აგრეთვე მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ქვეყანაში იყოს სამართალი. ამას განაპირობებს სასამართლო და შესაბამისი სტრუქტურები. მე რიგითი ქართველი ახალგაზრდა ვარ, აქ მოვედი, როგორც რიგითი ქართველი ახალგაზრდა, რომ გამოვხატო ჩემი აზრი ოჯახის სიწმინდესთან დაკავშირებით, თქვენ რაზეც მეკითხებით, მათ განაპირობებს სასამართლო, ოფიციალური სტრუქტურები“, – აღნიშნა ცოტნე ივანიშვილმა.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, გმობს თუ არა ბიძინა ივანიშვილი ძალადობას, ცოტნე ივანიშვილმა აღნიშნა, რომ მას ყველაზე მეტად სტკივა გული ქართველი ადამიანის წინააღმდეგ ძალადობაზე.
„თვითონ მამაჩემსაც ყველაზე მეტად სტკივა გული ქართველი ადამიანის წინააღმდეგ ძალადობაზე და ყველაზე მეტად უყვარს ქართველი ახალგაზრდები. როგორც უკვე გითხარით, აუცილებელია, ქვეყანაში იყოს სამართალი“, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.