თბილისში მიმდინარე ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-13 ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე: „გენდერული თანასწორობა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება“ სიტყვით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი გამოვიდა.
თინათინ ნიბლოშვილმა იმ პროგრესზე ისაუბრა, რაც საქართველომ გენდერული თანასწორობის პოლიტიკის კუთხით ბოლო დროს განიცადა. მისივე თქმით, გენდერული თანასწორობა სახელმწიფოს მიერ დასახულ მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს. თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, ქვეყანაში შეიქმნა გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმები; მუშავდება და ხორციელდება სამოქმედო გეგმები; გაუმჯობესდა საკანონმდებლო გარემო და საქართველომ გენდერული თანასწორობის კუთხით სხვადასხვა საერთაშორისო ვალდებულება იკისრა.
„მე დღეს წარმოვადგენ თბილისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს და აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი საბჭოები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტშია შექმნილი. მათ აქვთ დამტკიცებული სამოქმედო გეგმები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისის გენდერული თანასწორობის საბჭოს წელს პირველად აქვს საკუთარი ბიუჯეტი. საბჭოების არსებობა მნიშვნელოვანია ადგილობრივ დონეზე, გენდერული თანასწორობის მიზნის მისაღწევად. მუნიციპალურმა საბჭოებმა უნდა განიხილონ მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის დაცვის მდგომარეობა და შეიმუშაონ ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული წინადადებები“- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ ბიუჯეტის დაგეგმარებისა და მიღების პროცესში მუნიციპალური საბჭოების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით მათი როლი დიდია. თინათინ ნიბლოშვილის აზრით, საბჭოების რეკომენდაციები მნიშვნელოვანი დოკუმენტი უნდა გახდეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სწორად და მიზნობრივად გადანაწილების მიმართულებით.
ამას გარდა, თინათინ ნიბლოშვილმა თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ძირითად საქმიანობასა და 2023-2025 წლების სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა. მისი თქმით, გენდერული თანასწორობის საბჭო თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებმაც აქტიურად მიიღეს მონაწილეობა სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში. ასევე, თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, გენდერული თანასწორობის საბჭო თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტის გენდერულ საბჭოსთან, სხვა მუნიციპალიტეტების საბჭოებთან და გამგეობებთან. როგორც თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, საბჭო ასევე, აქტიურად თანამშრომლობს კრიზისულ ცენტრთან და მათ ბენეფიციარებთან.
„აუცილებლად უნდა აღინიშნოს საბჭოს მიერ, ცნობიერების ამაღლების კუთხით განხორციელებული კამპანიები. ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანია იმ პროგრამებთან დაკავშირებით, რომელსაც მუნიციპალიტეტი სრულიად უსასყიდლოდ სთავაზობს ჩვენს მოსახლეობას. „ვარდისფერი ოქტომბრის ფარგლებში“ ასეულობით ქალს მივაწოდეთ ინფორმაცია სკრინინგის პროგრამებისა და ცენტრების შესახებ. აღსანიშნავია მაჟორიტარების ჩართულობა ამ პროცესში. ამას გარდა, შევუერთდით 16 დღიან საერთაშორისო კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ და ცნობიერების ამაღლების მიზნით შევხვდით არაერთ სამიზნე აუდიტორიას“- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის და თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის თინათინ ნიბლოშვილის თქმით, საბჭოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობაცაა. ამასთანავე, თინათინ ნიბლოშვილის თქმით, საბჭო აქტიურად თანამშრომლობს ეროვნულ უმცირესობებთან გენდერული ძალადობის მიმართულებით. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭომ ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მოქმედი პროგრამები გააცნო.
cთინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, საბჭოს ჩართულობით, საკრებულოში გენდერული ნიშნით ძალადობისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის საკითხებზე სამხრეთ კავკასიაში კვლევის პრეზენტაციაც გაიმართა.