თბილისის საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა, პირადი განცხადების საფუძველზე, თბილისის საკრებულოს წევრს გიორგი დოხტურიშვილს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტეს.
რის შემდეგაც, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა რომეო მიქაუტაძემ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის „პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულება“-ის და შპს „თბილსერვის ჯგუფი“-სა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის (EBRD) სასესხო ხელშეკრულების შესახებ საკითხი წარადგინეს. როგორც სხდომაზე აღინიშნა, სესხი 9 მილიონ 600 ათასი ევროს ოდენობით,“თბილსერვისის“ განახლებას მოხმარდება. დღესვე, საკრებულოს წევრებმა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანისა და „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის და სპეციალური შეთანხმების ფარგლებში, მაკომპენსირებელი ღონისძიების სახით მუნიციპალიტეტისათვის გადაცემული ქონების პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილების პროექტების თაობაზე იმსჯელეს. ასევე, სხვადასხვა მისამართებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები დაამტკიცეს. გარდა აღნიშნული საკითხებისა, საკრებულოს სხდომაზე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ დედაქალაქის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონების და მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხები წარადგინა. იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ - ლევან ჟორჟოლიანმა საკრებულოს წევრებს დაუსრულებელი მშენებლობების დასრულების მიზნით რამდენიმე კომპანიისთვის ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების საკითხები გააცნო. მათ შორის აღსანიშნავია შარტავას ქ. N1-ში შპს ,,ცენტრ პოინტი ჯგუფის" დაუსრულებელი მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგაც ფართის სახით ჯამში 121 დაზარალებული ოჯახი დაკმაყოფილდება, რითაც აღნიშნული პირების წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემა მოგვარდება. საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის რამდენიმე ქუჩის სახელდების საკითხსაც დაუჭირეს მხარი, რომელიც საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ მიხეილ ამაშუკელმა წარადგინა. კერძოდ, კრწანისის რაიონში, ილია და ნინო ნაკაშიძეების ქუჩის შესახვევს, მსახიობ კახი კავსაძის სახელი მიენიჭა. მთაწმინდის რაიონში კი, კოტე მესხის შესახვევს კინორეჟისორის, სერგო ფარაჯანოვის სახელი ეწოდა. დღევანდელ სხდომაზე კრწანისის რაიონში, შოთა ნიშნიანიძის გასასვლელისთვის ცნობილი მომღერლის ზურაბ დოიჯაშვილის სახელის, ხოლო ჩუღურეთის რაიონში, ტყის ქუჩას და I ჩიხს კი, ცნობილი ექიმის, პროფესორის იოსებ აბაკელიას სახელის მინიჭებას დაუჭირეს მხარი.