თბილისის ზოოპარკში ზაქი "მარტა" დაიბადა. ინფორმაცია ზოოპარკის "ფეისბუქის" გვერდზეა განთავსებული.
"გაზაფხული ის დროა, როცა ზოოპარკში პატარები იბადებიან. აგერ, გაიცანით მარტა გოგო. მარტში დაბადებული ზაქი, ანუ კამეჩის შვილი.
მარტის სახელი კი ჰქვია, მაგრამ მარტივით გადარეული ხასიათი სულაც არ აქვს. მშვიდია და უწყინარი. გაგორდება და დაადებს დედას თავს რბილ მუცელზე. მცონარობა რომ მოსწყინდება, წამოდგება და დაყანყალებს წვრილ ფეხებზე. თუ მოშივდა - ძუძუს წოვს. მოკლედ, სულ დაკავებულია და დამთვალიერებლებისთვის არასოდეს სცალია, ამიტომ მისი სველი და პრიალა დრუნჩის კამერაზე დაფიქსირება არც ისე მარტივი საქმეა.
მარტასა და მისი მშობლების ისტორია, ცოტა არ იყოს, უცნაურია:
ერთ მშვენიერ დღეს, 3 ბორიალა კამეჩი (მათ შორის, ერთი - მაკე) ცხოველთა მონიტორინგის სამსახურმა ვეფხისა და მოყმის ძეგლთან „დააპატიმრა“. შუა ტრასაზე დასეირნობდნენ და ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებდნენ. არავინ იცის, საიდან მოვიდნენ, რა გზა გამოიარეს და ვინ ამზადებდა ამ კამეჩების რძისგან მაწონს. ფაქტია, პატრონი არ გამოუჩნდათ და ბოლოს, თავგადასავლების მაძიებლებმა ჩვენთან, ზოოპარკში დაიდეს ბინა.
მერე მარტიც დადგა და მარტაც გამოძვრა...",- წერენ ზოოპარკის "ფეისბუქის" გვერდზე.