საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სამინისტროში თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილეს, ბატონ გოქჰან იაზგის შეხვდა.
გოქჰან იაზგი დელეგაციასთან ერთად საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეები ნიკოლოზ აზნაურაშვილი და კობა ხუბუნაია და თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი, ასევე - ორი ქვეყნის სამინისტროების წარმომადგენლები.
შეხვედრის მიზანი იყო საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის
2023-2027 წლებისათვის კულტურის სფეროში თანამშრომლობის
პროგრამის განახლება, რაც ითვალისწინებს მხარეთა თანამშრომლობის შედეგად ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის ხელშეწყობას და სხვადასხვა ერთობლივ პროექტში მონაწილეობას თეატრის, მუსიკის, ქორეოგრაფიის, ფოლკლორის და სხვა არაერთი სახელოვნებო მიმართულებით.
„ჩვენმა შეხვედრამ ჩაიარა საუკეთესო განწყობების ფონზე, როგორც ეს ორ მეზობელ და მეგობარ ქვეყანას შეეფერება. შევთანხმდით, რომ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ როგორც კულტურული მემკვიდრეობის, ასევე ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებით. ამასთან, მე მომეცა შესაძლებლობა, ჩვენი სტუმრისათვის მადლობა გადამეხადა იმ უმნიშვნელოვანესი საქმისათვის, რაც თურქეთის რესპუბლიკამ იშხნის რეაბილიტაციისა და სხვა არაერთ ქართულ ძეგლზე მზრუნველობისათვის გააკეთა“. - განაცხადა თეა წულუკიანმა.
თურქეთის დელეგაციის საქართველოში ვიზიტისას დაგეგმილია არაერთი ღონისძიება, მათ შორის - ღია ცის ქვეშ ეთნოგრაფიული მუზეუმის, ეროვნული გალერეისა და ოქროს ფონდის დათვალიერება, ასევე, მარიონეტების თეატრში ვიზიტი.